ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტში მოსაწყენ საგნებს სწავლობთ? ან თუნდაც გგონიათ, რომ ძალიანაც საინტერესო საგნები გაქვთ? იმაზე რას იტყვით, ჰარი სტაილსის შემოქმედება რომ შეისწავლოთ და შუალედურ გამოცდაზე პრეზენტაცია შემდეგ თემაზე გააკეთოთ: "ზრდის თუ არა საზამთრო სისხლში შაქრის მაჩვენებელს?"

ვეჭვობთ, ბევრი უარს არ იტყოდა!

CNN-ის ინფორმაციით, ტეხასის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ახალი კურსი დაემატება, სახელწოდებით "ჰარი სტაილსი და ცნობილი ადამიანების კულტი: იდენტობა, ინტერნეტი და ევროპული პოპკულტურა".

ამის შესახებ ტვიტერის ანგარიშზე პროფესორმა ლუი დინ ვალენსიამაც დაწერა, რომელიც ამ კურსს უხელმძღვანელებს:

"ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰარი სტაილსის შესახებ მსოფლიოში პირველ საუნივერსიტეტო კურსს ვუხელმძღვანელებ".

როგორც თავად აზუსტებს, კურსი შეეხება როგორც ჰარი სტაილსის შემოქმედებასა და ევროპულ პოპკულტურას, ისე "გენდერის, სექსუალობის, რასის, კლასის, გლობალიზაციის, მოდის, ინტერნეტისა და კონსუმერიზმის საკითხებს".

ჰარი სტაილსის ფანები სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ ტეხასის უნივერსიტეტში მობილობაზე ფიქრობენ.

თუ სიმღერა As It Was შენც აიკვიატე, ხომ არ დაფიქრდებოდი ამ კურსის უნივერსიტეტში სწავლაზე?!

ფოტო: Giphy