ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელოდა "მკაფიო განმარტებას და უარყოფას", რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ისეთი ჩარევა, როგერზაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საუბობს, არ მომხდარა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ განაჩენი გამოცხადების შემდეგ შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, რომელმაც ჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

  • მოსამართლემ დაადასტურა, რომ საელჩომ ის ნამდვილად ჩახსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო.

კობახიძის თქმით, არაერთხელ უთქვამთ, რომ საელჩოდან არავინ ამას არ იკადრებდა და ასეთ პასუხს ელოდა ელჩ კელი დეგნანისგანაც, თუმცა ასე არ მოხდა. მისი შეფასებით, ეს "ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია".

  • "კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე".
  • "ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან უნდა ვიღაცამ აიღოს პასუხიმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე".

დეგნანის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე.

  • ის ამბობს, რომ წლებია აშშ და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.
  • "ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად".
  • "ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა".