საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია, შპს ბორანი იგებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის ცნობით, ამ ფირმამ 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე სახელმწიფოსგან 34 970 860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

  • ორგანიზაციის შეფასებით, ბორანის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
  • TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

დეტალები: TI-ის კვლევაში წერია, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია შპს ბორანის მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა — ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.

  • ნინო ჩხიკვაძემ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს მან, როგორც წარსულში ბორანის მეწილემ, ასევე მისმა შვილმა და ქმარმა საწარმოდან ჯამში 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს.
  • TI-ის მიხედვით, დღეს კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს.
  • ანგარიშში წერია, რომ ეს წილი გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს — 2017 და 2020 წლებში ამირან ჩხიკვაძემ ქართულ ოცნებას ჯამში 60 000 ლარი შესწირა.
  • "ამავე პერიოდში ქართულ ოცნებას, ჯამში 30 000 ლარი შესწირეს შპს ბორანის 10 და 16%-იანი წილების მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო უკლებამ" — ნათქვამია კვლევაში.

რიცხვებში: ანგარიშის მიხედვით, შპს ბორანი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში — 2013 წლიდან დღემდე მან 52 ტენდერი მოიგო, მათ შორის 26 — უკონკურენტოდ, 8 კი — მეტოქეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

  • "ამავე პერიოდში მიიღო 8 გამარტივებული შესყიდვაც, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 2 010 487 ლარი შეადგინა".

არქივიდან: სახელმწიფო შესყიდვებში შპს ბორანის ჩართულობაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველო 2021 წელსაც წერდა კვლევაში, რომელიც პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ეხებოდა.