ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექთნის დამხმარემ TikTok-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სექსუალური ძალადობის წამახალისებელ ვიდეოს კლინიკა "არასერიოზულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამაზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საფარის იურისტი, ცირა ჯგერენაია განმარტავს, რომ ვიდეო ქალის ნების დათრგუნვის შესაძლებლობის დემონსტრირება და გაუპატიურებისკენ მოწოდებაა.

  • "თავიდან ჩანს, რომ უარს აცხადებს ქალი სქესობრივ აქტზე და ამის მერე დებს მედიკამენტს, რაც განიხილება ამ უარის დათრგუნვის კონტექსტში";
  • "შესაბამისად, ეს არის მოწოდება სქესობრივი ძალადობისკენ იმ ადამიანის მიერ, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს და ყოველდღიური შეხება აქვს უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან, მათ შორის, ქალებთან და გოგოებთან".

ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, რომ უკვე ჰქონდათ რეაგირება და თორნიკე გულისაშვილს "მკაცრი საყვედური" გამოუცხადეს.

  • მისივე მტკიცებით, გულისაშვილის კლინიკაში დატოვება-არდატოვების საკითხი განიხილება;
  • თუმცა On.ge-სთან საუბრისას, ის არ აკონკრეტებს რა იგულისხმება "საყვედურში" და გვეუბნება, რომ როგორც ექთნის დამხმარეს, მას პაციენტებთან და მედიკამენტებთანაც მინიმალური წვდომა აქვს.

"არასერიოზული ვიდეო": ის აცხადებს, რომ TikTok არასერიოზული პლატფორმაა და კლინიკა იქ დადებულ "არასერიოზულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოზიციას არ დააფიქსირებს".

  • "ძალიან მინიმალური და შეზღუდული რაოდენობის დრო მაქვს, რომ TikTok გამოვიყენო, თუმცა როცა მაქვს ამის საშუალება, ვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ გასართობად".

"კლინიკას მორალი და ზრდილობა არ უსწავლებია": ბესელია გვეუბნება, რომ ვიდეოს დადება "ბავშვის გადაწყვეტილება" იყო და არ პასუხობს კითხვას კლინიკის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

  • "ვერ გეტყვით ვიდეო როგორ დადო და რა დადო, ეს ბავშვის გადაწყვეტილებაა და მე მაგ ბავშვის არც მშობელი ვარ, რომ მე გამეზარდა ეს ბავშვი და არც კლინიკას არ გაუზრდია და მისთვის მორალი და ზრდილობა არ უსწავლებია";
  • "ჩემი თანამშრომელი რომ არის, მას ნამდვილად მიეცა ამის გამო საყვედური, ძალიან მკაცრი საყვედური მიეცა და შესაბამისადაც დაისჯება ეს ბავშვი";
  • "თუმცა ხაზგასმით გიფიქსირებთ, კლინიკა TikTok-ზე, არასერიოზულ პლატფორმაზე გაკეთებულ ნამდვილად არასერიოზულ ვიდეოზე კომენტარს, პოზიციას არ დააფიქსირებს".

რას ამბობს ქალთა მოძრაობა: ჯგერენაიას თქმით, საფარი კლინიკისგან პასუხს ხვალ წერილობით მოითხოვს და თუ სათანადო რეაგირება არ ექნებათ, გამოდის, რომ თავის პაციენტებსა და თანამშრომლებს დისკრიმინაციული მოპყრობისგან ვერ იცავენ.

  • "ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დისკრიმინაცია ამ ვიდეოს გამოქვეყნებით და შესაბამისად, ხასიათდება დისკრიმინაციული მოპყრობით";
  • მისივე ინფორმაციით, გულისაშვილს საყვედური იმის გამო გამოუცხადეს, რომ ვიდეოს სამუშაო დროს იღებდა;
  • ასე უთხრეს კლინიკაში OC Media-საც.

PHR-ის იურისტი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი ვიდეო სერიოზული პრობლემაა, რადგან როდესაც ხარ სამედიცინო პერსონალი, გაქვს სპეციალური უფლებამოსილება, გქონდეს ადამიანზე კონტროლი მაშინ, როდესაც მას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.

  • "როდესაც "ხუმრობ", რომ ასეთ დროს შეგიძლია ადამიანზე სექსუალურად იძალადო (თან ხუმრობ სამედიცინო დაწესებულების ფონზე, სამედიცინო ფორმაში ჩაცმული), ეს აღარ არის ხუმრობა";
  • "ადამიანს უჩნდება ეჭვი, რომ ამის ალბათობა არსებობს, ასეთი რაღაც მართლა მოხდება ან, უკვე მოხდა. ამ ტიპის დანაშაულზე არის არაერთი გამოძიება".

არგანაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკამ მომხდარი უფრო სერიოზულად უნდა შეისწავლოს და დაცვის მექანიზმები შექმნას, ან თუ უკვე შექმნილი აქვს, საზოგადოებას აცნობოს.