სულ რამდენიმე დღის წინ Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებულები გამოვლინდა, ელექტროინჟინერი — ფიქრია ელიზარაშვილი ერთ-ერთი მათგანია. საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით იგი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში — Strathclyde, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.

საქართველოში ძალიან ცოტა ქალ ელექტროინჟინერს შეხვდებით. მათი რიცხვი, ამ პროფესიის წარმომადგენელ კაცებთან შედარებით, მსოფლიოშიც შესამჩნევად მცირეა. მაგალითად, აშშ-ში, სადაც ეს სფერო საკმაოდ განვითარებულია, ქალები ელექტროინჟინრების მხოლოდ 10%-ს შეადგენენ. თუმცა ამ მაჩვენებლებსა და საზოგადოების ზოგად დამოკიდებულებას ხელი არ შეუშლია ფიქრია ელიზარაშვილისთვის ეს პროფესია აერჩია და ამ მიმართულებით დიდი მიზნებიც დაესახა.

"ჩემი, როგორც Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულის მიზანია, გავხდე დარგში გლობალური ლიდერი, ერთი მხრივ, გავაძლიერო ქალთა ჩართულობა ინჟინერიაში, ხოლო მეორე მხრივ, დავეხმარო საქართველოს გახდეს განახლებადი ენერგიების ჰაბი რეგიონში. მსურს, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, კერძოდ განახლებადი ენერგიების განვითარებით ხელი შევუწყო კლიმატის ცვლილების შეჩერებას", — გვიყვება ფიქრია ელიზარაშვილი, როცა Chevening-ის პროგრამაში ჩართვაზე, ელექტრული ინჟინერიის არჩევის მიზეზებსა და მიზნებზე ვეკითხებით. ქვემოთ მოცემული ინტერვიუდან კი მასზე და მის ხედვებზე კიდევ უფრო მეტს გაიგებთ.

როდის და როგორ დაინტერესდით ელექტრული ინჟინერიით? რა იყო ის მთავარი ფაქტორები, რამაც ამ მიმართულებით განვითარების გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

სკოლიდანვე გატაცებული ვიყავი STEM საგნებით. შესაბამისად, მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროცესები ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა.

ელექტრული ინჟინერია ავირჩიე, რადგან მსურს ჩემი გადაწყვეტილებებით წვლილი შევიტანო 100%-ით მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული სისტემის მშენებლობაში. ეს საშუალებას მოგვცემს განახლებადი, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგია მივაწოდოთ მომხმარებლებს.

მოგვიყევით თქვენს ადრინდელ ინტერესებსა და პროფესიაზე, რომელსაც სამაგისტრო საფეხურამდე ეუფლებოდით? სად იღებდით განათლებას და რა მიმართულებით?

წარჩინებით დავასრულე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი. ამასთანავე, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი პოლონეთში სილეზიის და ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტზე.

სწავლის და მუშაობის პარალელურად, აქტიურად ვიყავი ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. ვიყავი Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ვიცე-პრეზიდენტი და ქართველ სტუდენტებს ვუზიარებდი საზღვარგარეთ სწავლის, მოხალისეობის და სტაჟირების შესაძლებლობებს.

ამ ეტაპზე, Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვების პარალელურად, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა და ინტერესები?

ამჟამად ვმუშაობ ავსტრალიურ საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც ვქმნით და ვავითარებთ განაწილებული გენერაციის (მზე, ქარი, ელექტრომობილები), ენერგიის შემნახველების და განახლებადი ელექტროსადგურების მოდელებს. ამ მოდელებს იყენებენ ელექტრული სისტემის ოპერატორები ქსელის დაგეგმვის და განვითარების მიზნით. გარკვეული დროით, ვმუშაობდი საქართველოში ენერგეტიკულ კომპანიაში, რომელიც აშენებს მზის ელექტროსადგურებს, სადაც არაერთი მსხვილი პროექტი განვავითარე. ასევე, სტუდენტობის დროს სტაჟირება გავიარე საქართველოს უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის მთავარ სადისპეტჩეროში.

ამჟამად ვარ WomenTech Network-ის გლობალური ელჩი საქართველოში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში ჩართულ 100 000 ქალს მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით ნაწილს, ვარ CIGRE — ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს კომიტეტის წევრი.

რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ახალი ქვეყნების, კულტურის და ხალხის გაცნობა. მოგზაურობა ჩემთვის აღმოჩენებთან ასოცირდება, მიყვარს ხალხზე დაკვირვება. ვცდილობ შევიცნო, როგორ აზროვნებენ და მოქმედებენ სხვადსხვა ეროვნების ადამიანები და როგორ აღიქვამენ სამყაროს. ეს ყოველთვის მეხმარება მოვლენების მრავალი კუთხიდან დანახვაში.

მიყვარს ხელოვნება. ინჟინერიასა და ხელოვნებას შორის დიდ მსგავსებას ვხედავ, ორივე დარგი შემოქმედებითობასთან და სიახლეების შექმნასთან არის დაკავშირებული".

Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტეთ და რამდენად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მასში გამარჯვება თქვენი პროფესიული მიზნების მიღწევაში?

Chevening არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამა, რომელიც აერთიანებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც სურთ შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისკენ.

Chevening და საქართველოს ბანკის სტიპენდია საშულებას მაძლევს მივიღო მსოფლიო დონის განათლება გაერთიანებულ სამეფოში და, ამავდროულად, შევუერთდე Chevening-ის გლობალურ ლიდერთა დიდ წრეს. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი კარიერული და პიროვნული განვითარებისკენ.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობისაა ელექტრული ინჟინერია თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოში? რა პრობლემებს ხედავთ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში?

საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიების, კერძოდ, ჰიდრო, მზის და ქარის, უხვი პოტენციალი. ამ რესურსების სრულად ათვისების და ქსელში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით, შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ თვითმყოფადი ენერგეტიკული სისტემა და გავხდეთ ნეტ-ექსპორტიორი ქვეყანა.

რამდენად არსებობს საქართველოში ელექტროინჟინრებისთვის და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო? თქვენი ხედვით, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ქვეყნის გარეთ არ უწევდეთ ღირსეული სამსახურის ძებნა?

ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვთ ინჟინრებს მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. თუმცა, ქართულ უნივერსიტეტებს ჭირდება თანამედროვე კვლევითი ცენტრების, ლაბორატორიების და სამეცნიერო მიმართულების გააქტიურება.

ჩემი აზრით, რაც უფრო მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულები ეყოლება უნივერსიტეტებს და რაც უფრო განვითარდება კვლევითი მიმართულება, ნაკლებად იქნება საჭირო უცხოელი ექსპერტების დაქირავება და ადგილობრივ პროფესიონალებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმების კუთხით.

რატომ Strathclyde-ის უნივერსიტეტი? რატომ გადაწყვიტეთ სწავლა სწორედ ამ უნივერსიტეტში გაგეგრძელებინათ?

University of Strathclyde არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. ჩემ მიერ შერჩეული კურსი მთლიანად მოიცავს განახლებადი ენერგიების მიწოდების ჯაჭვს — დაწყებული ელექტროენერგიის წარმოებიდან დასრულებული მისი ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობით. ამავდროულად, Strathclyde-ში არის ევროპაში პირველი და უმსხვილესი ჭკვიანი ქსელების ლაბორატორია. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს გაერთიანებული სამეფოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებში სასწავლო ვიზიტების და სტაჟირების უნიკალურ შესაძლებლობას.

Strathclyde-ში ასწავლიან დარგის წამყვანი მკვლევრები და პროფესორები. სწორედ მათგან სწავლა და მათთან ერთად კვლევებში მონაწილეობა გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, სწავლა გამეგრძელებინა Strathclyde-ში.

საქართველოში ქალი ელექტროინჟინრები იშვიათობაა და არც ჰარდვეარ სტარტაპებისა თუ კომპანიების სიმრავლე შეინიშნება. ამჟამინდელი გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდებით? თუ კი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა საქართველოში, ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ?

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა ქალი ინჟინერია. ჩემი სამუშაო გამოცდილების განმავლობაშიც, ყველა კომპანიაში მხოლოდ მე ვიყავი ქალი ინჟინერი. თუმცა, ეს არასდროს არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი.

მოვუწოდებ ყველა ჭკვიან გოგოს, ვისაც სტერეოტიპები აბრკოლებს, რომ პროფესიას სქესი არ გააჩნია და თქვენი ჩართულობა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ენერგეტიკული სისტემების განვითარებისთვის".

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას და გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ცოდნის და გამოცდილების პრაქტიკულად გამოყენებას.

მომავლის სამყაროზე თქვენი წარმოდგენა გვაინტერესებს. როგორი იქნება სამყარო თუნდაც 20-30 წლის შემდეგ და განსაკუთრებით, რა როლი ექნებათ ამაში ელექტროინჟინრებს?

ვფიქრობ, მომავლის სამყარო იქნება, დეკარბონიზებული, დეცენტრალიზებული და მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიებზე აწყობილი, რის შექმნაშიც ელექტროინჟინრები წამყვან როლს შეასრულებენ.


ფიქრია საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღება სრულად დაუფინანსდება და არამხოლოდ განათლების მიღება. საქართველოს ბანკი საქართველოში Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამას 2013 წლიდან უჭერს მხარს, სტიპენდიატების მიერ მიღებული დაფინანსება კი მოიცავს უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკის დაფინანსებით და მათ რიცხვს დამატებით 3 ახალი გამარჯვებული შეუერთდება.

Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42 000-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დაინტერესებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთოს უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად.