მსახიობისთვის როლზე დამტკიცება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიციას პროექტის დასრულებამდე შეინარჩუნებს. ფილმების გადაღება, როგორც წესი, წლების განმავლობაში იწელება ხოლმე და ამ დროის განმავლობაში ბევრი გარემოება იცვლება. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ხალხის გამოხმაურება, გავლენას ახდენს ხოლმე პროექტის მიმდინარეობაზეც. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამის გამო მსახიობები თავადვე ტოვებენ როლებს.

აი, მაგალითად...

1. სკარლეტ იოჰანსონი

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ცნობილ ამერიკელ მსახიობს, სკარლეტ იოჰანსონს, ახალ კინოპროექტში ტრანსგენდერი კაცი, დანტე ტექს გილი, უნდა განესახიერებინა. სისგენდერი მსახიობის მიერ ტრანსგენდერი ადამიანის როლის თამაში ჰოლივუდში კი უცხო პრაქტიკა არაა, მაგრამ აქტივისტებმა და ლგბტქ გულშემატკივრებმა გულწრფელი აღშფოთება გამოხატეს გადაწყვეტილების გამო. ამიტომ, იოჰანსონს როლის დატოვება მოუხდა. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სრულად ესმოდა, რატომ მიაჩნდა ბევრს, დანტე გილი ტრანსგენდერ მსახიობს უნდა ეთამაშა.

სხვათა შორის, კიდევ ერთმა სისგენდერმა მსახიობმა — ედი რედმეინმა, რომელმაც 2015 წლის ფილმში დანიელი გოგო ტრანსგენდერი ქალი განასახიერა — მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობს.

2. უილ ფერელი

ფოტო: Evan Agostini / Invision / AP

კომიკოს უილ ფერელს 2016 წლის ფილმში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა, გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში მსახიობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ფერელმა პროექტი დატოვა. ამ განცხადებას წინ უძღოდა ხალხის, მათ შორის, რეიგანის შვილის, პატი დევისის, უკმაყოფილება.

"ვუყურებდი, როგორ შეეპარა შიში თვალებში მამაჩემს — კაცს, რომელსაც არასდროს არაფრის არ ეშინოდა", — დაწერა პატიმ მსახიობისადმი ღია წერილში, — "მისი აკანკალებული ხმა გავიგე, როცა მისაღებ ოთახში იდგა და თქვა, არ ვიცი, სად ვარო. იმ წლებში სიცილიც იყო. მაგრამ იუმორი არასდროს ყოფილა".

ფერელის წარმომადგენლის თქმით, მსახიობს სცენარის რამდენიმე ვარიანტი მიაწოდეს. მან დასძინა, რომ მათგან არცერთი ვერსია "ალცჰაიმერზე შექმნილი კომედია" არ ყოფილა, თუმცა, ფერელი პროექტში მაინც აღარ მიიღებდა მონაწილეობას.

საბოლოოდ, ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც დღის სინათლეს 2023 წელს იხილავს, ყოფილი პრეზიდენტის როლი დენის ქუეიდს ერგო.

3. საშა ბარონ კოენი

ფოტო: Frazer Harrison/Getty Images

2010 წელს გახდა ცნობილი, რომ მსახიობს ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში როკვარსკვლავი უნდა განესახიერებინა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ კოენმა პროექტი დატოვა, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, ჯგუფი Queen-ის წევრების დამოკიდებულება ყოფილა.

მსახიობი, რომელსაც მაყურებლები ყველაზე მეტად ბორატში შესრულებული როლით იცნობენ, იხსენებს, რომ ჯგუფის წევრებს სცენარის შეცვლა სურდათ.

"ბენდის წევრმა — არ ვიტყვი, ვინ — თქვა, შესანიშნავი ფილმია, რადგან ზუსტად შუაში შესანიშნავი ამბავი ხდებაო. ვკითხე, რა ხდება შუაში-მეთქი, მან კი მიპასუხა, ფრედი კვდება, ჩვენ კი ვხედავთ, როგორ იკრებს ბენდი ძალასო. ვუთხარი, არავინ ნახავს ფილმს, სადაც მთავარი გმირი შიდსით იღუპება, მერე კი სიუჟეტი ჯგუფის ისტორიით გრძელდება-მეთქი", — ასე იხსენებს კოენი იმ შემთხვევას, რამაც პროექტის დატოვება გადააწყვეტინა.

მოგვიანებით, საშა ბარონ კოენი როლზე რამი მალეკმა ჩაანაცვლა. ამ როლით მან ოსკარიც დაიმსახურა.

4. ედ სკრაინი

ფოტო: Getty Images

ჰოლივუდში გავრცელებული კიდევ ერთი პრაქტიკა "გათეთრება", ეგრეთ წოდებული ვაითვოშინგია — როცა არათეთრკანიან პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები თამაშობენ. ამდენად, ბევრს არც ის გაუკვირდა, როცა იაპონელი პერსონაჟის როლზე ინგლისელი მსახიობი, ედ სკრაინი, დაამტკიცეს. რადგან ფილმი იაპონურ კომიქსს უნდა დაფუძნებოდა, პირველწყაროს გულშემატკივრებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის შემდეგ, სკრაინმა როლი დატოვა.

"ეთნიკური მრავალფეროვნების ჩვენება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ჩემთვის, როგორც შერეული წარმომავლობის ოჯახიდან გამოსული ადამიანისთვის", — განაცხადა მსახიობმა მაშინ, — "ჩვენი ვალდებულებაა, მორალური გადაწყვეტილებები მივიღოთ რთულ პერიოდში და ხმა ინკლუზიურობის გასაძლიერებლად ავიმაღლოთ. ვიმედოვნებ, ერთ დღეს მსგავსი დისკუსია ნაკლებად საჭირო იქნება და ჩვენ ხელოვნებაშიც და რეალობაშიც თანასწორ რეპრეზენტაციას შევუწყობთ ხელს".

5. ჯონი დეპი

ფოტო: SC Pool / Corbis / Getty Images

2016 წელს ჯონი დეპი კამეოთი გამოჩნდა ფილმში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი. მოგვიანებით, ფილმის გაგრძელებაში მას ერთ-ერთი მთავარი როლი ხვდა, თუმცა, ამ დროს მისი და ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის, გახმაურებული სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც ოჯახში ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას ეხებოდა.

დეპი ბრიტანულ ტაბლოიდს, რომელმაც მას "ცოლზე მოძალადე" უწოდა, სასამართლოში უჩიოდა, თუმცა, მოსამართლემ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ Warner Bros.-მა მსახიობს ჯადოსნური ცხოველების ფრენჩაიზის დატოვება მოსთხოვა. როლზე იგი მადს მიკელსენმა ჩაანაცვლა, კრიტიკოსები კი ლამის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ამ უკანასკნელმა პერსონაჟი დეპზე უკეთ განასახიერა.

6. ჯინა კარანო

ფოტო: John Salangsang / Shutterstock

Deadpool-სა და The Mandalorian-ში მონაწილეობის შემდეგ, ჯინა კარანომ მაყურებლების ყურადღება მიიქცია. თუმცა, მოგვიანებით, სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა ყურადღების ეპიცენტრში — 2021 წლის თებერვალში, მსახიობმა ინტერნეტსივრცეში პრობლემური განცხადებები გააკეთა. ერთ შემთხვევაში მან ამერიკული პოლიტიკა ჰოლოკოსტს შეადარა, მოგვიანებით კი ტრანსფობიური კომენტარებიც დაურთო.

ამის შემდეგ, კინოკომპანიამ, რომელთანაც კარანო თანამშრომლობდა, ურთიერთობა მსახიობთან შეწყვიტა. მათ დასძინეს, რომ არც მომავალში აპირებდნენ, ეთანამშრომლათ ადამიანთან, რომელიც სხვებს "კულტურული და რელიგიური იდენტობების გამო აყენებდა შეურაცხყოფას".