ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. 15 ივლისს მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.

  • მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
  • გოგაშვილი მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
  • მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
  • გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.

რა თქვა ადვოკატმა: ჩინჩალაძის განცხადებით, პირველი ეპიზოდი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაა, ბრალდებაში კი მითითებულია, რომ ეს შეეხება 2015-18 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფნის პერიოდს.

  • "2015-18 წლებში სუს-ში მუშაობის დროს ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში", — ამბობს ადვოკატი.
  • ადვოკატის ცნობით, მეორე ეპიზოდი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა და ესეც 2015-18 წლებს ეხება.
  • მესამე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

დეტალები: უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

  • სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგოშვილის სახლის ჩხრეკისას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასამართლოს განჩინება გამოცემულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
  • აღნიშნული მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.