ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ მმართველი პარტიისა და პარლამენტის ზოგიერთი წევრის ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად კელი დეგნანისა და ევროპარლამენტარებისკენაა მიმართული.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი და ზოგიერთი ევროპარლამენტარი როგორც მმართველი პარტიიდან წასულების, ასევე, მოქმედი დეპუტატების კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

  • ქართული ოცნებიდან წასული სამი დეპუტატის რიტორიკასა და დეგნანისა და ევროპარლამენტარების კრიტიკას რამდენიმე საკრებულოს, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, ადიგენისა და ასპინძის წევრებიც შეუერთდნენ.
  • განცხადების ავტორები მიუთითებენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა.

რას წერენ ისინი: მათი თქმით, მმართველი პარტია დეზინფორმაციულ კამპანიას კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალური მიზეზების, დემოკრატიული უკუსვლისა და რეფორმების არარსებობის, გადასაფარად აწარმოებს.

  • "ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა".
  • "მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს ჩვენი პარტნიორები".
  • "ამგვარი მოქმედებებით მმართველი პარტია ართმევს მოსახლეობას შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში".
  • ასევე, აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა, ქვეყანას ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ მარტო ტოვებს.

გარდა ამისა, დეპუტატები განცხადებაში საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებასაც უსვამენ ხაზს.

  • "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის ხელი გამოუწოდა ჯერ კიდევ 1992 წელს".
  • "ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას".
  • მათივე თქმით, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ, რომ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორც მოსკოვიდან წამოსული სიგნალები.

დეპუტატები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, საქმიან რეჟიმზე გადაერთონ და რეფორმების განსახორციელებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ.

  • "ასევე, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, არ დავუშვათ ქვეყნის კურსის ცვლილება".
  • "ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ და რისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც არასდროს, ისე ახლოა".