ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი იყო. დიპლომატები თავიანთი მისიით ხშირად ბევრად მეტ დროს ყოფენ ხოლმე სხვა ქვეყანაში; თუმცა, რანმა მაინც მოახერხა და არაერთ ადამიანს გამორჩეულად დაამახსოვრა თავი.

ამ ხნის განმავლობაში ისრაელის ელჩმა საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულიც გვაჩვენა. მეტიც, მისი შვილი, ემილი, რომელსაც თავად "თბილისელ გოგოდ" მოიხსენიებს, ჩვენს ქვეყანაში დაიბადა და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეცაა. ამასთან, ელჩი გიდორი აქტიურად გამოდიოდა ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, რის გამოც რელიგიათა საბჭომ გასულ წელს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოც გადასცა.

გარდა ამისა, იყო კიდევ ბევრი საინტერესო და მხიარული მომენტი, როცა რანმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. მათგან ქვემოთ მხოლოდ რამდენიმეს მოვუყარეთ თავი.

1. როცა კარანტინში KayaKata-ის სიმღერა იმღერა

სულ რამდენიმე თვე იყო გასული საქართველოში მისი ჩამოსვლიდან, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ყველანი კარანტინში აღმოვჩნდით. რან გიდორს მაშინ არ მოუწყენია, თვითიზოლაციაში ცნობილი ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტის, KayaKata-ის ჰიტად ქცეული სიმღერა Polo Palace იმღერა და ასე გაგვამხნევა.

2. როცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ასომთავრულზე დაწერილით მოგვილოცა

2020-2021 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს რან გიდორმა ასევე სახალისო ვიდეოთი მიულოცა. პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ უძველესი ქართული ანბანით, ასომთავრულით, "გილოცავთ" დაწერა, მერე კი ჩანთა მოიკიდა და სკოლისკენ გაეშურა.

სხვათა შორის, ელჩმა გიდორმა მსგავსად მოგვილოცა სასწავლო წლის დაწყება შარშანაც — მაშინ დედა ენის ბაღში შვილთან ერთად გამოჩნდა და ქართულად "აი ია" დაწერა.

3. როცა საახალწლოდ გოზინაყი მოგვიმზადა

რა გასაკვირია და ქართული სამზარეულოთი რან გიდორიც მოიხიბლა. თუმცა, მხოლოდ კერძების დაგემოვნებით არ შემოიფარგლა და 2021 წელთან შესახვედრად სუფრა ქართულად გააწყო — მაგიდაზე მდგარ ჩიჩილაკზე რომ არაფერი ვთქვათ, გოზინაყი თავისივე ხელით მოამზადა და ახალი წელიც ასე მოგვილოცა.

ისე კი, ქართულ კულინარიაში გარკვევა რანმა მანამდეც მოისურვა, როცა 2020 წელს გურიაში ჩავიდა და ხინკლის, ხაჭაპურის, მჭადისა და ჩურჩხლის მომზადება ისწავლა.

4. როცა საბავშვო ევროვიზიაზე ჩვენს მხარდასაჭერად გამოწვევაში ჩაერთო

KayaKata-ის სიმღერაზე ვიდეოს ჩაწერითაც გამოჩნდა, რომ ელჩი გიდორი ქართველი მუსიკოსების შემოქმედებით მოიხიბლა, თუმცა, მაინც აღგვაფრთოვანა, როცა გასულ წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერაზე იცეკვა. ნიკო ქაჯაიას Let's Count The Smiles-ის ცეკვა მაშინ ტიკტოკზე ერთგვარ გამოწვევად იქცა და სწორედ მასში ჩაერთო რანი. ამასთან, მან თავის გამომწერებს კონკურსზე საქართველოს მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

5. როცა თბილისი პრაიდის ღონისძიებაზე ორიგინალური ჰალსტუხით გამოჩნდა

ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge

უკვე ვთქვით, რომ ელჩი გიდორი საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებების დასაცავად აქტიურად გამოდიოდა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ იგი თბილისი პრაიდსაც უჭერდა მხარს. პრაიდის კვირეულის ღონისძიებას იგი გასულ წელს დაესწრო და განაცხადა, რომ ამით ამაყობდა.

თუმცა, სიტყვები სულაც არ იყო საჭირო წელს, როცა პრაიდის კვირეულის გახსნაზე გიდორმა თავისი სამოსი ღონისძიებას შეუხამა და ფერადი ჰალსტუხით გამოჩნდა.

ბონუსი: როცა ემოციური ვიდეოთი დაგვემშვიდობა

როგორც ვახსენეთ, რან გიდორი საქართველოს ტოვებს. თუმცა, ამდენი სასიამოვნო მოგონების შემდეგ, დამშვიდობების გარეშე წასვლა ნამდვილად ურიგო იქნებოდა. ჰოდა, მანაც გულის ამაჩუყებელი ვიდეოთი მოგვმართა, სადაც საქართველოში თავისი თავგადასავლის გამორჩეულ მომენტებსაც მოუყარა თავი.