ქორწილში ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, პარტნიორები არიან ხოლმე, თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ბრაზილიელი წყვილის, ტამირის მუზინისა და დუგლას ვიეირა რობერტის ქორწილში, არც მეტი, არც ნაკლები, მიუსაფარი ძაღლი შეიჭრა და ცერემონიის მთავარ გმირადაც იქცა.

დაუპატიჟებელმა სტუმარმა წყვილს პირდაპირ ეკლესიაში მიაკითხა, შენობის შესასვლელში გაწვა და მშვიდად გადაწყვიტა ცერემონიის დამთავრებამდე მოცდა. ტაძარში ბოლოს წყვილი უნდა შესულიყო, ამიტომ ორგანიზატორებს ძაღლის შეწუხება მაინც მოუხდათ. ცუგამ ადგილიდან ფეხი არ იცვალა, მოგვიანებით კი, ტამირისის მანქანაში ისკუპა და იქიდან არაფრის დიდებით აღარ გადმოსულა.

ფოტო: caramelodejesus / Instagram

ფოტო: caramelodejesus / Instagram

თავად ტამირისი ამ ფაქტით სულაც არ ყოფილა უკმაყოფილო — ძალიანაც მოეწონა, ცუგამ რომ ეკლესიის შესასვლელამდე მიაცილა.

ორგანიზატორებმა კი ბევრჯერ სცადეს, ძაღლისთვის თავაზიანად აეხსნათ სიტუაცია, თუმცა, ვერას გახდნენ. ბოლოს მიხვდნენ, რომ ცუგას ქორწილში ყოფნა ძალიან უნდოდა, ამიტომ ხმა აღარ გაუციათ.

ფოტო: caramelodejesus / Instagram

ფოტო: caramelodejesus / Instagram

როცა ძაღლი ტამირისს მიეგება, მან შენიშნა, რომ ცხოველს ფეხი სტკიოდა და მოძრაობა უჭირდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, მას და მის ქმარს ცუგა აეყვანათ და გაეზარდათ.

"ქორწილის დასრულების შემდეგ, მათ პირველივე ის მითხრეს, რომ სულ ძაღლზე ფიქრობდნენ", — იხსენებს ქორწილის ორგანიზატორი, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციის მოხალისეცაა, — "მომდევნო დღესვე დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ უშედეგოდ".

ამის შემდეგ ძაღლის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს და მისი ძიება განაგრძეს. რამდენიმე საათის შემდეგ, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი განცხადებას გამოეხმაურა და წყვილს ძაღლის ადგილსამყოფელი შეატყობინა.

ფოტო: caramelodejesus / Instagram

ფოტო: caramelodejesus / Instagram

საბოლოოდ, ძაღლი ახალდაქორწინებულების ოჯახის წევრი მართლაც გახდა. მათ ცუგას სახელიც დაარქვეს — ბრაია კარამელო დე ჟეზუსი. ცხოველს ფეხზეც უმკურნალეს, ახლა კი ის უკვე მშვენიერ დროს ატარებს წყვილთან ერთად თაფლობის თვეში.

სხვათა შორის, ბრაიას ინსტაგრამზე თავისი გვერდიც აქვს; ასე რომ, საქორწინო მოგზაურობიდან მისი ახალ-ახალი ფოტოების ნახვას თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, ცუგას გამომწერი გახდეთ.