ტელეკომპანია იმედის და რუსთავი 2-ის გავრცელებულ განცხადებაში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, რომელმაც ჰკითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩხიკვაძე გვარამიას საქმის მოსამართლეა, რომლის განაჩენიც ადგილობრივმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დასავლელმა პარტნიორებმა კრიტიკულად შეაფასეს.

  • სავარაუდო იყო, რომ ჩხიკვაძის პროგრამიდან ჩახსნა სწორედ გვარამიას საქმის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

დეტალები: ჩხიკვაძის თქმით, საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

  • მოსამართლეს მიაჩია, რომ "ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით".
  • მისი თქმით, სწორედ ამ საუბრისას, საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ პროექტში მისი მონაწიობა "არასასურველი იქნებოდა" და სიაში აღარ იყო.
  • ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება და არ უნდა, რომ იგივე გაიარონ სხვა მოსამართლეებმა.

ამასთანავე, მოსამართლე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ზეწოლას ახდენს სააპელაციო სასამართლოზე, როდესაც მოუწოდებს მას სამართლიანი განაჩენის გამოტანისკენ.

  • "რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ".
  • "თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია)".

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე".

არქივიდან: 20 მაისს რამდენიმე მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში მიდიოდა.

  • 16 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა.
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია.
  • სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.
  • გვარამიას საქმე დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებსა და რეზოლუციებშიც მოხვდა, სადაც ისინი ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

On.ge დეტალებისთვის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებას ცდილობს.