მოემზადეთ შუახმელეთში მოგზაურობისთვის!

ამაზონმა თავისი ყველაზე ამბიციური პროექტის — Lord of the Rings: The Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ამ ახალი კადრების საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა, წინასწარ უკეთესად შევაფასოთ ის სამყარო, რომელიც შოუს შემქმნელებმა გააცოცხლეს. რაც მთავარია, ახალგაზრდა გალადრიელსაც ვხედავთ და მისი შემზარავი ხილვის შესახებ ვიგებთ.

მართალია, ტრეილერის ხანგრძლივობა თითქმის სამი წუთია, მაგრამ კონკრეტული სიუჟეტის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიგებთ. ალბათ, ეს კარგიცაა: ის, ვინც "სპოილერებს" უფრთხის, უშუალოდ სერიალის ყურების პროცესში მიყვება ამბის განვითარებას.

თუმცა ტოლკინის შემოქმედების ერთგულ მოყვარულებს უკვე აქვთ თავიანთი თეორიები, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალი სერიალისგან. ასევე ცნობილია, რომ ამ ეკრანიზაციის სიუჟეტი ჰობიტის ფილმებსა და ბეჭდების ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე ათასწლეულებით ადრე განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს — კონკრეტულად, მეორე ეპოქაში ხდება მოქმედება.

ასე ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინის მითოლოგიას უკეთესად გავიცნობთ და მის ზღაპრულ სამყაროს მასშტაბურობის სათანადოდ წარმოდგენა შეგვეძლება.

აქვე შეგახსნენებთ, რომ ძალაუფლების ბეჭდები ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება, რაც კი აქამდე გადაუღიათ: მარტო პირველი სეზონის გადაღება $465 მილიონი დაჯდა. სულ ხუთი სეზონის გადაღებაა დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაციით, ხარჯები 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

სერიალის პრემიერა 2 სექტემბერსაა დაგეგმილი.