როგორც საქალაქო სასამართლოში On.ge-ს განუცხადეს, დაკავებულ ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას 17, ხოლო ლევან რაჯავას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანასტასია შატალოვა 2021 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

ბექა ლატარია დამნაშავედ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ცნეს.

ბიძინა ხასია სასამართლომ დამნაშავედ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილში (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ცნო.

  • რაც შეეხება ლევან რაჯავას, ის დამნაშავედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ცნეს.

დეტალები: პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლატარია და ბახია 2021 წლის 18 ოქტომბერს შატალოვას განზრახ მკვლელობის მიზნით, კორპუსთან მივიდნენ.

  • "ლატარია კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაბრუნებას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა".
  • "შემდეგ კი, ხასიასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".

უწყება მიუთითებს, რომ ხასია, რომელიც რაჯავას ბინაში იმალებოდა, ჩხრეკისთვის მისულ პოლიციელებს თავს დაესხა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

  • მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც რაჯავამ პოლიციას ხასიას დაკავებაში ხელი შეუშალა აივნიდან გადახტა და ხელყუმბარა კორპუსთან მდგომი პოლიციელის მიმართულებით ისროლა, რომელიც არ აფეთქდა და იქვე დაეცა.