საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას წარმოადგენს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით 40-ზე მეტი ქვეყანა, რომელთა შორის საქართველო არაა, მხარს უჭერს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ.

  • განცხადება ომის შედეგებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ხაზს უსვამს უკრაინის სარჩელის მნიშვნელობას.
  • ქვეყნები აცხადებენ, რომ რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით სასამართლოს დადგენილების შესრულებაზე.

დეტალები: სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც.

  • "გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა".

არქივიდან: 3 მარტს 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომის დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა

  • ინიციატორი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, ხელმომწერ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.