კომუნიკაციების კომისია იტყობინება, რომ დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა და Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

ასევე იხილეთ: კომპანია SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

"Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება", — წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.