მეცნიერებმა კოსმოსში უცნაური რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომელიც გულისცემას წააგავს. ასტრონომთა შეფასებით, იგი დაახლოებით მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან მოდის, თუმცა ამოფრქვევის ზუსტი ადგილი და მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა 13 ივლისს.

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB-ები) რადიოტალღათა ინტენსიური ამოფრქვევებია, რომლებიც მილიწამის განმავლობაში გრძელდება. მათი წარმოშობა უცნობია. პირველი FRB 2007 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ კი ასობით მსგავსი მოვლენის მომსწრენი გავხდით.

ბევრი FRB მაქსიმუმ რამდენიმე მილიწამის განმავლობაში ძალიან ნათელ რადიოტალღებს გამოსცემს, რომლებიც მალევე სრულიად ქრება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ისინი გარკვეული კანონზომიერებით შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში მეორდება. შესაბამისად, ფენომენი იმდენად ხანმოკლე და მოულოდნელია, რომ მასზე დაკვირვება საკმაოდ რთულია.

ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც ამგვარი რადიოსიგნალების დასაფიქსირებლად გამოიყენება, CHIME ტელესკოპია. იგი ცას მუდმივად აკვირდება და, FRB-ებთან ერთად, შორეულ სამყაროში არსებული წყალბადისაგან გამოცემული რადიოტალღების მიმართაც მგრძნობიარეა.

CHIME-ის გამოყენებით ასტრონომებმა 2019 წლის 21 დეკემბერს მრავალმხრივ უჩვეულო რადიოსიგნალი შენიშნეს, რომელსაც შემდგომ FRB 20191221A უწოდეს. იგი დაახლოებით სამ წამამდე გაგრძელდა, რაც ტიპური FRB-ის ხანგრძლივობასთან შედარებით ათასჯერ დიდი დროა. შესაბამისად, მათ მიერ შემჩნეული სიგნალი ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი FRB-ია.

"უჩვეულო იყო. იგი არა მხოლოდ ძალიან დიდხანს გაგრძელდა, არამედ შესამჩნევად მკაფიო პერიოდული პიკებიც ჰქონდა გარკვეული შუალედით — ბუმ, ბუმ, ბუმ — გულისცემის მსგავსად", — ამბობს დანიელ მიჩილი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, MIT-ის, მკვლევარი — "ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავად სიგნალია პერიოდული".

მიუხედავად იმისა, რომ FRB 20191221A ჯერჯერობით არ განმეორებულა, სიგნალი ერთმანეთის თანმდევი პიკით წარმოიქმნება, რომელთა შორის შუალები დაახლოებით 0,2 წამია.

მიჩილის თქმით, მკვლევართა გუნდმა დაზუსტებით ჯერაც არ იცის, რომელი გალაქტიკიდან წამოვიდა სიგნალი. ასევე საკმაოდ უზუსტოა მათ მიერ ნავარაუდები მანძილიც. მართალია, CHIME-ს რადიოსიგნალების პოვნა კარგად გამოსდის, თუმცა მათი საწყისი წერტილების დადგენაში იგი ასეთივე გაწაფული ნამდვილად არ გახლავთ.

მიუხედავად ამისა, მეცნიერის თქმით, სამომავლო პროექტის ფარგლებში ცას CHIME რამდენიმე სხვა ტელესკოპთან ერთად დააკვირდება, რათა რადიოსიგნალები კონკრეტულ გალაქტიკებს მიაკუთვნონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიგნალის წარმომავლობისა და წარმოქმნის მიზეზების შესახებ გარკვეული მინიშნებები მაინც არსებობს.

მკვლევართა გუნდი CHIME-ს საშუალებით კვლავაც განაგრძობს დაკვირვებებს, რათა ამ რადიოამოფრქვევისაგან დამატებითი ანდა უბრალოდ მსგავსი პერიოდული სიგნალები არ გამოეპაროთ. შესაძლოა, სამყაროს გაფართოების სიჩქარის შესახებ მეტის გასაგებად ასტრონომებს სწორედ რადიოტალღათა სიხშირე და მათი ცვალებადობის კანონზომიერება დაეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.