28 წლის კაციარინა ანდრეევა პოლონური არხის, Belsat TV-ის ჟურნალისტია. ის 2020 წელს მინსკში საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს და მასობრივი დაუმორჩილებლობის ორგანიზების ბრალდებით 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსში ჟურნალისტები ხშირად ხდებიან რეპრესიების მსხვერპლი, მათ დევნიან და აპატიმრებენ.

  • ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ჟურნალისტიკა ბელარუსში გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე, აშშ-ში, დასავლეთში და იაპონიაში.
  • ამბობს იმასაც, რომ ჟურნალისტებს არა მათი პროფესიული საქმიანობის, არამედ "სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის" გამო აკავებენ.

დეტალები: სახელმწიფოს ღალატში ჟურნალისტს ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნის დროს დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ ახალი საქმე წამოიწყეს.

  • ხელისუფლება საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს და სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
  • სახელმწიფო მედია Belta-ს მტკიცებით, ანდრეევა დამნაშავედ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაშია ცნობილი.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Vesna-96-მა ჟურნალისტი პირველი ნასამართლეობის შემდეგ პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

  • მათ, ასევე, მიუთითეს, რომ ბელარუსში დაახლოებით 1300 პოლიტპატიმარია, უმრავლესობა კი ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს არიან დაკავებული.