ამის შესახებ ლევან კოჭლოშვილმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტია და თანამდებობები ლაგოდეხის, თერჯოლის, ახალციხის, ჭიათურისა და გორის საკრებულოს წევრებმა დატოვეს.

  • განცხადებებში ისინი "ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის მესიჯბოქსებსა და ნარატივებს ავრცელებდნენ, მათ შორის, ანტიდასავლურს.

დეტალები: მისი თქმით, "მეფე ერეკლეს მსგავსად" დარწმუნებულია, რომ წინაპრების ოცნება მშვიდობიან, ქრისტიანულ, ერთიან, ევროპულ საქართველოში ცხოვრებაა, რომელიც "ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული".

  • კოჭლოშვილის მტკიცებით, ევროპელობას ამოფარებული გარკვეული ძალები ებრძვიან ყველაფერს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში დგას საქართველო.
  • "მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს".
  • "მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი იყო".

გარდა ამისა, წერს იმასაც, რომ არავის მისცემს შესაძლებლობას "ნაცმოძრაობას ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს".

  • "იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ".
  • ამბობს, რომ სწორედ "თავისუფლად ლაპარაკისა და მოქმედების" შესაძლებლობაა თანამდებობის დატოვების მიზეზიც.

საიდან გვახსოვს კოჭლოშვილი: ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც 14 ოქტომბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

  • ასევე, ივნისის ბოლოს, კამპანია #შინევროპისკენ ფარგლებში თელავში ჩასული ბუკა პეტრიაშვილი მან მუზეუმში არ შეუშვა და ამბობდა, რომ ერეკლე მეორე მისი პაპაა.