როგორც ოთო დარბაისელმა Facebook-ზე დაწერა, კომპლექსში უთხრეს, რომ შესაძლოა, მინას ეტლისთვის ვერ გაეძლო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კასს ლენდი 15 ივნისს გაიხსნა, პროექტი კი 120-მილიონიანი ინვესტიციით განხორციელდა.

  • დარბაისელის ვიზიტის დროს კომპლექსის ტერიტორიაზე არ მუშაობდა არც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი;
  • შშმ პირს უთხრეს, რომ ლიფტი დემონტაჟის დროს გაფუჭდა, კომპანიამ კი მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ შეაკეთა.

დეტალები: დარბაისელის თქმით, ტერიტორიაზე უთხრეს, რომ ხიდის მინას ბორბლები დააზიანებდა.

  • "ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა, კი მოვიმატე წონაში, მაგრამ ასე ძალიანაც არა მგონია, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს";
  • კომპანიაში On.ge-ის წერილობით განუცხადეს, რომ მოქალაქეს ადგილზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მათი მტკიცებით ამას სპეციალური სამსახური გამოიკვლევს და შესაბამის ზომებს მიიღებს.

ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ შუშების დაზიანების შესახებ ინფორმაცია "ფიზიკურად შეუძლებელია", რადგან ხიდი საერთაშორისო დონის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მდგრადია.

  • "ჩვენი ხედვაა, ყველა ადამიანს, თანასწორად შეეძლოს წალკის კანიონზე ჩამოსვლა და ყველა იმ ატრაქციით სარგებლობა, რასაც პროექტი მოიცავს";
  • "კასს ლენდის ჯგუფის მიერ მთლიანი ინფრასტრუქტურა დაპროექტდა და მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებულად".