Stranger Things-ის მეოთხე სეზონმა სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი პერსონაჟი, ედი გაგვაცნო. მალევე ფანების სიყვარული იმავე დოზით ედის როლის შემსრულებელმა ჯოზეფ ქვინმაც დაიმსახურა. ჯოზეფი იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვადასხვა ღონისძიებებზე ფანები მასთან შესახვედრად ბილეთებს უყოყმანოდ ყიდულობენ.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ლონდონის კომიკ-კონიც აღმოჩნდა, რომელზეც ჯოზეფთან შესახვედრად ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე მომუშავე გუნდის წევრებმა ჯოზეფს უყვირეს, რადგან ის ფანებს "ზედმეტად დიდ დროს უთმობდა".

ჯოზეფის მიმართ უხეშობის გამო ფანებმა ღონისძიების ორგანიზატორები სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს, ჯოზეფს კი მადლობა გადაუხადეს იმისათვის, რომ მხოლოდ ავტოგრაფის გაცემით არ შემოიფარგლებოდა და ფანებს კარგად ექცეოდა.

"ღონისძიებაზე უწესრიგობა იყო და თანამშრომლები უხეშად იქცეოდნენ. მიუხედავად ამისა, ჯოზეფ ქვინი იმდენად გულწრფელი და მეგობრული იყო, რომ ჩამეხუტა კიდეც მაშინ, როცა ღონისძიებაზე მომუშავე ადამიანები უყვიროდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეჩქარა"

საბოლოოდ, ერთ-ერთმა ფანმა სხვების მადლიერების გამოხატვა საკუთარ თავზე აიღო და ჯოზეფს ისეთი სიტყვები უთხრა, რომ მსახიობი აატირა.

"მე შეკითხვა არ მაქვს, ეს უფრო მადლიერების გამოხატვაა. დარწმუნებული ვარ, ბევრმა გაიგო, რა მოხდა გუშინ — მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა ეს — თუ როგორ მოგექცნენ. კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ მადლობის გადახდა მინდა ყველა ჩვენგანისგან. ძალიან მადლიერები ვართ, რომ დროს გვითმობ.

მადლობა ავტოგრაფებისთვის, ჩვენთან ერთად დროის გატარებისა და ჩვენი ზაფხულის გალამაზებისთვის. ვფიქრობ, ყველამ ვიპოვეთ საერთო ენა ედისთან სხვადასხვა მიზეზის გამო — მისი მუსიკალური გემოვნების ან იმის გამო, რომ ის გარიყულია, როგორც შენ თქვი. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ნაწილობრივ ედი ვართ.

ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რადგან შენთანაც ვიპოვეთ საერთო ენა და ჩვენი შაბათ-კვირა უკეთესი გახადე. ჩემი შაბათ-კვირაც გაალამაზე, გუშინ ძალიან კეთილი იყავი ჩემი და ჩემი ძაღლის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოგექცნენ გუშინ, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მადლობა".

ამ სიტყვებმა ჯოზეფი აატირა. მას შემდეგ, რაც საუბრის ძალა დაიბრუნა, ფანს მადლობა გადაუხადა: "ეს რატომ გამიკეთე? მადლობა კეთილი სიტყვებისთვის".

ფანის კომენტარს ინტერნეტში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მას ყველა უყოყმანოდ დაეთანხმა. როგორც ჩანს, ყველა თვლის, რომ ჯოზეფი მადლიერებას მისი პერსონაჟივით იმსახურებს.

ამავე თემაზე: