ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ასტრონომიაში აღმოჩენების ახალ ერას სწორედ დღეს დაუდო საფუძველი!

თქვენ წინაშეა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის პირველი ფოტოები, რომლებსაც ყველანი ამდენი ხანი ველოდით. შორეული ეგზოპლანეტა, შთამბეჭდავი ნისლეულები და გალაქტიკები უკვე შეგიძლიათ ადამიანის მიერ შექმნილი "ყოვლისმხედველი თვალით" იხილოთ.

მაშ ასე:

გემის ხერხემლის ნისლეული

ფოტო: NASA

ამავე სახელწოდების თანავარსკვლავედში განლაგებული ეს თვალწარმტაცი ობიექტი, რომელიც NGC 3372-ის სახელითაცაა ცნობილი, ჩვენს ცაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ნისლეულია. ის დედამიწისგან დაახლოებით 7 600 სინათლის წლითაა დაშორებული და ვარსკვლავების წარმომქმნელი რეგიონია, რომელშიც მრავალი მნათობია ფორმირებული, თანაც მზეზე ბევრად დიდი.

სურათზე მტვრის ღრუბლის მიღმა არსებულ რეგიონში, რომელსაც "კოსმოსურ კლდეებს" უწოდებენ, ახალდაბადებულ ვარსკვლავებს ვხედავთ, რაც განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი მნათობების შესწავლის იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს.

ეგზოპლანეტა WASP-96b

ფოტო: NASA

WASP-96b გახლავთ გიგანტური პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. ის ძირითადად აირისგანაა შედგენილი და დედამიწისგან 1 150 სინათლის წლის დისტანციაზე მოძრაობს. ციური სხეული ყვითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება და ორბიტაზე თითოჯერ შემოვლას 3.4 დღეს ანდომებს. ამ ეგზოპლანეტის მასა იუპიტერის მასის ნახევარს შეადგენს. მისი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 2014 წელს განაცხადეს.

მეცნიერთა თქმით, სპექტრულმა მონაცემებმა WASP-96b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი გამოავლინა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ იქ ღღუბლები არ იყო. ეს მშობელი ვარსკვლავის სინათლის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად მიღებული სპექტრის ანალიზის შედეგად დადგინდა.

ფონად წარმოდგენილი სურათი ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება არაა. ამ შემთხვევაში, ვებმა სპეტრული ინფორმაცია მოიპოვა.

სამხრეთის რგოლისებრი ნისლეული

ფოტო: NASA

სამხრეთის რგოლისებრი ნისლეული, იგივე NGC 3132, ცის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე იალქნების თანავარსკვლავედშია განლაგებული და ჩვენი პლანეტისგან 2 000 სინათლის წელი აშორებს. ესაა პლანეტური ნისლეული, ანუ გაფართოების პროცესში მყოფი აირის ღრუბელი, რომელიც მომაკვდავ ვარსკვლავს აკრავს გარს. მისი დიამეტრი დაახლოებით ნახევარი სინათლის წელია.

ფოტოზე ვხედავთ ნისლეულის 2 ვარსკვლავს, ერთ-ერთი სიკვდილის პირასაა და ნაკლებად ნათელია, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა და ბევრად კაშკაშაა. მარცხნივ ვების ხელსაწყოს NIRCam მიერ გადაღებული სურათია ახლო ინფრაწითელ სპექტრში, ხოლო მარჯვნივ ინსტრუმენტ MIRI-ის ფოტოა ნაჩვენები შუა ინფრაწითელ სპექტრში. თუ ერთში თვალს მნათობები გვჭრის, მეორეში ყურადღების ცენტრში აირის ღრუბლები ექცევა, რომლებიც ათასობით წელში კოსმოსში გაიფანტება.

სტეფანის კვინტეტი

ფოტო: NASA

სტეფანის კვინტეტი დედამიწისგან 290 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, ცის ეკვატორთან არსებულ პეგასის თანავარსკვლავედში მდებარეობს და, როგორც სახელიდანაც ვიგებთ, 5 გალაქტიკისგან შედგება. ის ფრანგმა ასტრონომმა, ედუარ სტეფანმა 1877 წელს აღმოაჩინა. ეს კვინტეტი გალაქტიკათა ჩვენთვის ცნობილი პირველი კომპაქტური ჯგუფია. მატერიის 5 უზარმაზარი სისტემიდან 4 ერთმანეთთან გრავიტაციულად ურთიერთქმედებს, მომავალში კი მათი შერწყმაა მოსალოდნელი.

ეს მოზაიკური გამოსახულება ვების ყველაზე დიდი სურათია, რომელიც 150 მილიონ პიქსელზე მეტს აერთიანებს და 1 000 ფოტოსგან შედგება.

ასევე, იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე

შეგახსენებთ, რომ ამ გასაოცარი სურათების გასაჯაროებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას სულ პირველი ფოტო წარუდგინა, რომელზეც გალაქტიკათა უზარმაზარი ჯგუფების ერთობლიობა, სახელად SMACS 0723, უპრეცედენტოდ დეტალურადაა აღბეჭდილი. საინტერესოა, რომ ამ გამოსახულებაზე ცის ის არეალია ნაჩვენები, რომელიც მხოლოდ ქვიშის მარცვლისხელაა, რაც ჯეიმს ვების ტელესკოპის სიდიადეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. მასში მოქცეულია უძველესი გალაქტიკები, მათ შორის ერთ-ერთი 13.1 მილიარდი წლისაა, როცა სამყარო ჯერ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა იყო. ასევე, ვხედავთ გრავიტაციული ლინზირების შედეგად გამრუდებულ სინათლეს, რომელიც მკრთალ ობიექტებს გვიჩვენებს.

ფოტო: NASA

ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვებას ძალიან დიდხანს ველოდით. საბოლოოდ, ის სამყაროს შესასწავლად 25 დეკემბერს გაგზავნეს. აპარატი დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე მოძრაობს, რაც მას კოსმოსის უფრო ფართო არეალზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.

ამ უმძლავრესი ობსერვატორიის მეშვეობით კაცობრიობა კოსმოსის წარსულში გაიხედება და უკეთ შეისწავლის როგორც შორეულ ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ნისლეულებს, შავ ხვრელებსა თუ პლანეტებს, ასევე თავად მზის სისტემას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.