იტალიის პოლიციის ცნობით, ამერიკელი ტურისტი თავისი მობილური ტელეფონის გადარჩენის მცდელობისას მთა ვეზუვის კრატერში ჩავარდა.

23 წლის წლის ახალგაზრდა თავის ახლობლებთან ერთად იტალიის სამხრეთში უნებართვო მარშრუტით მოგზაურობდა. როცა მათ ვეზუვის მთის წვერს მიაღწიეს, ტურისტმა სელფის გადაღება სცადა, თუმცა, ტელეფონი ხელიდან გაუცურდა. მობილურის გადასარჩენად მოგზაური კრატერისკენ გადაიხარა, რის გამოც წონასწორობა დაკარგა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.

ამის მიუხედავად, ტურისტმა მხოლოდ რამდენიმე დაზიანება მიიღო მკლავებსა და ზურგზე. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, თუმცა, მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

პოლიციის ცნობით, მარშრუტის გზაზე არაერთგან იყო მითითებული, რომ ეს აკრძალული და სახიფათო ზონაა. შესაბამისად, დაშავებულისა და მასთან ერთად მოგზაურების წინააღმდეგ ახლა საქმეც შეიძლება აღიძრას.

ვულკანი ვეზუვი ბოლოს 1944 წელს ამოიფრქვა, შესაბამისად, ის ისევ მოქმედად მიიჩნევა. 1 277 მეტრი სიმაღლის მთაზე, დაახლოებით, 450 მეტრი სიგრძისა და 300 მეტრი სიღრმის მქონე კრატერია.

ფოტო: Mario Laporta / AFP

ვეზუვის ყველაზე ცნობილი ამოფრქვევა ახ.წ. 79 წლით თარიღდება, როცა ლავამ ახლომდებარე ქალაქები, მათ შორის, პომპეი დაფარა.

7-მეტრიანი ვულკანური მასით დაფარული ანტიკური ქალაქი დღეს არქეოლოგებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასახლებაში და მის მახლობლად ჩატარებული სამუშაოების წყალობით რომაული კულტურისა და ცხოვრების წესის შესახებ ბევრი ახალი დეტალი შევიტყვეთ.