და, აი, არცთუ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ეს დღეც დადგა — კარდაშიანებმა თავიანთი რეალითი შოუს ახალი სეზონის გამოსვლა დააანონსეს.

ტრეილერის გამოქვეყნებასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ The Kardashians მეორე სეზონით 22 სექტემბერს დაბრუნდება.

შოუს ერთგული მაყურებლები ამ სეზონს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ, რადგან ის კარდაშიან-ჯენერების ოჯახში ბოლო თვეებში განვითარებულ გახმაურებულ ამბებს მოიცავს — კიმის ახალი შეყვარებული და კაილის მეორე შვილი.

კარდაშიან-ჯენერების თავდაპირველი რეალითი შოუ Keeping up with the Kardashians 20 სეზონის შემდეგ, 2021 წელს დასრულდა. ამის მიუხედავად, მალევე გავიგეთ, რომ რამდენიმე თვეში ახალი პროექტი უკვე სხვა პლატფორმაზე იწყებოდა. Hulu-სთან გაფორმებული უპრეცედენტოდ ძვირადღირებული კონტრაქტით 2022 წლის აპრილში მაყურებელმა The Kardashians-ის პირველი სერიაც იხილა. აღსანიშნავია, რომ წლების გასვლის მიუხედავად, ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისადმი ადამიანების ინტერესი არ იკლებს — კარდაშიანების ახალი შოუ Hulu-ზე ყველაზე ყურებადი საპრემიერო ეპიზოდი გახდა.

კარდაშიანების ოჯახი მსოფლიომ 2007 წელს გაიცნო, როცა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადაღებული რეალითი შოუ დაიწყო. შოუს ძირითადი ხაზი ოჯახის ექვსი წევრის გარშემო ვითარდება — კორტნი, კიმ და ქლოი კარდაშიანები, კენდალ და კაილი ჯენერები და ასევე მათი დედა, კრის ჯენერი. პოპკულტურის ცნობადმა სახეებმა მოგვიანებით არაერთი ბრენდიც დააფუძნეს, რის შედეგადაც ყველა მათგანი მილიონერი გახდა; კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი კი შემდგომ მილიარდერებადაც იქცნენ.