მომენტი, რომელსაც ყველანი ასე ველოდით, დადგა!

ამ მომენტიდან ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პირველ გადაღებულ ფოტოს ვხედავთ!

ეს სანუკვარი ფოტო მასალა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარადგინა.

მოლოდინი ნამდვილად დიდი იყო. როგორც ვიცოდით, ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სამეცნიერო ფოტოები ცოტა მოგვინებით უნდა გვენახა. თუმცა, პირველი ფოტოს პრეზენტაციამ რამდენიმე საათით წინ გადმოიწია. და აი ისიც!

პრეზენტაციისას ითქვა, რომ ფოტოზე ვხედავთ გალაქტიკებს, რომელთა ხილვა აქამდე შეუძლებელი იყო. NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ეს პირველი სურათი არის შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულება, რაც კი აქამდე მიგვიღია. გალაქტიკათა გროვის SMACS 0723-ის ეს სურათი სავსეა დეტალებით. აქ არის ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა ინფრაწითელში. ეს ყველაფერი კი პირველად გამოჩნდა ვების ხედში.

ასევე საინტერესოა, რომ ეს კონკრეტული სივრცე ცის ძალიან პატარა ნაწილია. უკიდეგანო სამყაროს ეს მცირე ნაწილი ცისთვის დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომისაა. ამის უფრო კარგად გასაგებად, დაიჭირეთ ქვიშის მარცვალი და მიუშვირეთ ის ცას. აი სწორედ ასეთი პატარა ნაწილია ეს ყველაფერი ფართო მასშტაბებზე.

უკვე რამდენიმე საათში ტელესკოპის მიერ გადაღებულ დანარჩენ ფოტოებსაც ვიხილავთ.

ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპის შექმნას, გაშვებასა და შემდეგ მისგან მიღებულ მონაცემებს 18 წელია ველოდებით. სწორედ 18 წლის წინ, 2004 წელს დაიწყეს ამ კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობა და აი, დადგა ეს დღეც. ვები უკვე ფუნქციურია და მისგან გამოგზავნილი სამეცნიერო მონაცემების გაცნობა ფართო საზოგადოებასაც შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.