ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ მეცნიერები კიბოს სკრინინგის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობდნენ. ისინი ამისთვის გენეტიკურად მოდიფიცირებულ ჭიებს იყენებდნენ. ამით მათ სურდათ პანკრეასის კიბოს ადრეული ნიშნები შარდის ერთი წვეთიდანაც დაეფიქსირებინათ.

ახლა ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ნემატოდების სახელით ცნობილ მიკროსკოპულ ჭიებს კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლიათ. ამის შესახებ უნივერსიტეტის პრესრელიზშია ნათქვამი.

მეცნიერების თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, ჭიები დაფარულია ჰიდროგელზე დაფუძნებული "გარსით", რომელიც შემდგომში შეიძლება შეიქმნას საჭირო "ტვირთის" ტრანსპორტირებისთვის. ტვირთში, რა თქმა უნდა, კიბოს მკვლელი ნივთიერებები იგულისხმება.

ზღვის ბინადარი ჭია, რომელიც კიბოს უჯრედებს ეძებს

ნემატოდების ერთ-ერთი სახეობაა Anisakis simplex, მიკროსკოპული ზღვის ბინადარი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს კიბოს უჯრედები.

ცნობილია, რომ Anisakis simplex კიბოს "სუნს" გრძნობს და მის ქსოვილებზე მაგრდება. ჩვენ სწორედ ამ ბუნებრივი მოცემულობის გამოყენება გადავწყვიტეთ", — თქვა ვილდან მუბაროკმა, კვლევის პირველმა ავტორმა განცხადებაში.

ამიტომ მეცნიერებმა ნემატოდებზე ჰიდროგელის გარსების გამოყენების სისტემა შეიმუშავეს. ამით მათ შექმნეს გელის მსგავსი ფენა ჭიების მთელს სხეულზე. საბოლოოდ ამ ფორმით ჭიებმა კიბოს მკვლელი ნივთიერებების გადატანა დაიწყეს. შედეგად ნემატოდები 0,01 მმ-ის სისქის კოსტიუმით აღიჭურვნენ. მთელს ამ პროცესს მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა.

"შედეგი ძალიან დამაიმედებელია. პროცესმა აჩვენა, რომ მეთოდი მუშაობს", — ამბობენ მკვლევრები.

კიბოს საწინააღმდეგო აგენტები უშუალოდ კიბოს უჯრედებს მიეწოდება

მკვლევრებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს ნემატოდებზე კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით. ეს შეიძლება საზიანო ყოფილიყო პარაზიტული ჭიებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებები დაცული იყვნენ მათი ჰიდროგელის ჯავშნით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოდიფიცირებულ ჭიას შეეძლო კიბოს საწინააღმდეგო აგენტების ტრანსპორტირება და მიწოდება, რათა მოეკლათ კიბოს უჯრედები.

"ჩვენი დასკვნები მეტყველებს, რომ ნემატოდები შეიძლება გამოვიყენოთ ფუნქციური ტვირთის მიწოდებისთვის კონკრეტულ სამიზნეებზე. მეტიც, ეს ინოვაციური მეთოდი მულტიფუნქციურია და მისი გამოყენება სხვადასხვანაირად შეგვიძლია. მათ შორის, მცენარეებისთვის სასარგებლო ბაქტერიების მისაწოდებლად", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Science Direct-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.