ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია მოსაზრება, რომ სამყარო შესაძლოა, სიმულაცია იყოს, რადგან ის ისევე მუშაობს, როგორც კომპიუტერი, თუმცა ბევრად მასშტაბურია. არის თუ არა ეს რეალობასთან ახლოს და ვცხოვრობთ თუ არა ყველანი ერთგვარ მატრიცაში ამავე სახელწოდების ფილმების სერიის პერსონაჟების მსგავსად? ამ საკითხზე ქართველმა ფიზიკოსმა, გია დვალმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ ახალ ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.

"მეცნიერულად ის ვიცით, რომ კი, სამყარო არის კვანტური კომპიუტერი", — აცხადებს დვალი.

უფრო კონკრეტულად, ფიზიკოსი გულისხმობს, რომ ნებისმიერი კვანტური ევოლუციის პროცესი სწორედ კვანტურ გამოთვლებს ეფუძნება, რომელსაც სამყარო მუდმივად ახორციელებს. მთავარი კითხვა ისაა, იღებს თუ არა ვინმე ამით სარგებელს, ანუ რამდენად კონტროლდება თუ ქაოსურია.

"ადრეულ სამყაროს კვანტური მეხსიერება ჰქონდა, რომელიც შეგვიძლია კუბიტებში დავითვალოთ და ის დაახლოებით უდრის ადამიანის ტვინის მეხსიერებას... ადამიანის ტვინი კლასიკური კომპიუტერია", — ამბობს დვალი.

ფოტო: giffer

მისი თქმით, სამყაროს მეხსიერება, ანუ კუბიტების (კვანტური ინფორმაციის ერთეული) რაოდენობა ინფლაციური ეპოქის შემდეგ გაიზარდა და ახლა 10121-ია, მაგრამ მაინც სასრულია.

"ინფორმაციის აბსოლუტური ზღვარი, ეს არის შავი ხვრელი. თუ ავიღებთ სფეროს და გვაინტერესებს მაქსიმალური კვანტური მეხსიერება, რომელსაც მასში შევინახავთ, შავ ხვრელს მივიღებთ. მაგალითად, კომპიუტერს სულ უფრო რომ გავუზარდოთ მეხსიერება, ბოლოს ის შავი ხვრელი გახდება", — აღნიშნავს მეცნიერი.

მას მიაჩნია, რომ შავი ხვრელები კვანტური გამოთვლების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. ასევე, მათში შეგვიძლია ინფორმაცია ჩავწეროთ, თუმცა ამოსაკითხად მოცდა მოგვიწევს.

“ყველაფერს გადახდა სჭირდება, უფასო არაფერია სამყაროში, კარგად თუ ინახავს ინფორმაციას, სამაგიეროდ, დიდი ხანი უნდა ელოდოთ, სანამ მას გამოიყენებთ”, — ამბობს დვალი.

ფოტო: scitechdaily

ახლა კი, სიმულაციას რომ დავუბრუნდეთ. დვალის თქმით, გარემო, რომელშიც ის შეიძლება განხორციელდეს, გრავიტაციაა. საქმე იმაშია, რომ სამყაროში არსებული კუბიტები სწორედ გრავიტაციული ველის კვანტებია, ხოლო "სამყაროს ძირითადი მეხსიერება მოდის გრავიტაციული კვანტების შეშფოთებებიდან".

როგორია ასეთი სიმულაციის კოდი?

"ალგორითმი ასეთია: თავიდან გვაქვს კუბიტები, რომლებიც ერთმანეთთან გადაჯაჭვულნი არ არიან. ევოლუციის პროცესში ამ კუბიტების გაგრძელება ხდება, ანუ ზოგიერთი მათგანი სხვა მდგომარეობაში გადადის, მაგალითად, ფოტონში, რის პარალელურადაც გადაჯაჭვულობას ვიღებთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს მდგომარეობა არის უკვე სრულად გადაჯაჭვული", — აცხადებს ფიზიკოსი.

ამ ყველაფრის შედეგი ძალიან დიდი რაოდენობის სუპერპოზიციაა. უფრო ზუსტად, თუ შროდინგერის კატა ორ მდგომარეობაშია, აქ უკვე უამრავ ასეთ მდგომარეობას ვაწყდებით. ყველაზე საინტერესოა, რა ხდება ამის შემდეგ, რის დადგენასაც დვალი და მისი გუნდი ამჟამად ცდილობს. ფაქტობრივად, ეს იგივეა, რომ სიმულაციის გარეთ გავიხედოთ.

“ადამიანი, როგორც შემეცნებადი კომპიუტერი, მოაზროვნე ორგანიზმი, მთლიან სამყაროზე ქმნის ამ ალგორითმს, ანუ შეგვიძლია სამყაროს სიმულაცია გავაკეთოთ და ამის სიზუსტე გასაოცარია", — ამბობს დვალი.

ვიდეოინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ასევე, იხილეთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.