ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სამეცნიერო ფოტოს პრეზენტაციამ რამდენიმე საათით წინ გადმოიწია. ეს ნიშნავს, რომ მას ერთი დღით ადრე ვიხილავთ. ამის შესახებ NASA-ს ტვიტიდან ვიგებთ.

რაც შეეხება იმას თუ ვინ წარადგენს პირველად ფოტოს, ეს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. ეს ყველაფერი 12 ივლისს, თბილისის დროით 01:00 საათზე მოხდება. ღონისძიებისთვის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება NASA TV-ზე შეგვეძლება. ამის პარალელურად სურათები NASA-ს ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი. ესეც Youtube-ის ლინკი.

მოლოდინი დიდია. NASA-მ პარასკევს გაასაჯაროვა, რომ პირველი ფოტოებისთვის მიზანში სამხრეთ ნისლეული, გაზის ეგზოპლანეტა და SMACS 0723 გალაქტიკათა გროვის ღრმა ხედი აირჩიეს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პირველი ფოტოები მეცნიერთა და ადმინისტრატორთა მხოლოდ მცირე ჯგუფს აქვს ნანახი.

"ის, რაც ვნახე აღმაფრთოვანებელია. ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის, ინჟინრისა და უბრალოდ ადამიანისთვის ეს ყველაფერი გასაოცარი იყო", — თქვა ნასას ადმინისტრატორის მოადგილემ, პემ მელროიმ.

როგორც ჩანს, დღეს მხოლოდ ერთი სურათი გასაჯაროვდება, მაგრამ NASA-ში არ უთქვამთ თუ რომელი. დანარჩენ ფოტოებს უკვე მეორე დღეს ვიხილავთ.

ვები თვალებს ახელს

ჩვენ ვიცით, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მსოფლიოში უმძლავრესია. მას კონკურენტი არ ჰყავს და ითვლება, რომ ჰაბლის ტელესკოპის საქმის გამგრძელებელია. პირველ ფოტოებს, რომელიც შორეული გალაქტიკების, ნისლეულისა და გაზის პლანეტების იქნება, მოჰყვება შემდეგი კვლევები. ეს კვლევები კი თითქმის ყველაფერს მოიცავს რაც ასტრონომებს შეიძლება აინტერესებდეთ. ვები გაიხედავს ისე შორს, სადაც აქამდე ეს არავის და არაფერს უქნია.

როგორც NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა თქვა: "ეს ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა გამოსახულებები იქნება. ასეთი რამ არასდროს არავის უნახავს".

ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე

პირველი სამიზნეები

საერთაშორისო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სურათების პირველი ტალღა მოიცავს კარინას ნისლეულს, მტვრისა და გაზის უზარმაზარ ღრუბელს 7 600 სინათლის წლის მანძილზე.

ეს ნისლეული განთქმულია თავისი ამაღლებული სვეტებით, რომელიც სამი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. მას კოსმოსურ მწვერვალსაც ეძახიან. ეს აღბეჭდილია საკულტო გამოსახულების სახით ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ.

ვებმა ასევე ჩაატარა სპექტროსკოპია შორეულ გაზის გიგანტზე სახელად WASP-96 b-ზე, რომელიც აღმოაჩინეს 2014 წელს. დედამიწიდან თითქმის 1150 სინათლის წლის დაშორებით, WASP-96 b იუპიტერის მასის დაახლოებით ნახევარია.

ასევე საინტერესოა, რომ ვებმა გადაიღო ფოტო გალაქტიკების გროვების გამოყენებით, სახელწოდებით SMACS 0723.

თავად ტელესკოპი

რაც შეეხება თავად ჯეიმს ვების ტელესკოპს, ის ძალიან დიდი მოლოდინის შემდეგ 25 დეკემბერს გაეშვა. ტელესკოპი 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლი.

ასტრონომები ჰაბლის "ჩამნაცვლებელ" ტელესკოპზე უკვე 1990-იან წლებში ფიქრობდნენ, ხოლო უშუალოდ მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო.

ტელესკოპი თავის ორბიტაზე, დედამიწიდან, დაახლოებით, 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით განთავსდა. ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც პლანეტის ირგვლივ ტრიალებს, ვები მზის გარშემო ბრუნავს.

ვებს აქვს დაახლოებით 6,5 მეტრი დიამეტრის ძირითადი სარკე, რაც მას გაცილებით დიდ არეალს აძლევს, ვიდრე ეს ჰაბლის შემთხვევაშია. ჰაბლის სარკე არის ბევრად უფრო მცირე 2,4 მეტრი დიამეტრის და მისი შესაბამისი შეგროვების ფართობი არის 4,5 მ2, რაც ვებს დაახლოებით 6,25-ჯერ მეტი შეგროვების ფართობს ანიჭებს. შესაბამისად, ვებს ექნება გაცილებით დიდი ხედვის არეალი, ვიდრე NICMOS კამერას Hubble-ზე (დაფარავს 15-ჯერ მეტ ფართობს). ასევე, მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება სივრცითი გარჩევადობა.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის თუ რატომ უნდა ველოდეთ ჯეიმს ვების ტელესკოპისგან კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ეს ჰაბლისგან მივიღეთ.

მაშ ასე, ველოდებით ახალ ფოტოებს, ვნახოთ რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.