რამდენიმე დღის წინ ტეხასში პოლიციამ ორსული ქალი ავტომობილით მოძრაობისას წესების დარღვევის გამო გააჩერა და დააჯარიმა. ქალი იმ ზოლში მოძრაობდა, რომელშიც ავტომობილებს გადაადგილების უფლება მხოლოდ 2 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში აქვთ. ორსული ქალი, რომელიც პოლიციამ გააჩერა და ჯარიმაც გამოუწერა, ამტკიცებდა, რომ მეორე მგზავრი მისი მუცლადმყოფი ბავშვი იყო.

ქალის თქმით, პოლიციას თავიდანვე განუცხადა, რომ ავტომობილში ორნი ისხდნენ. როცა პოლიციამ ეს გაიკვირვა, ქალმა თავის მუცელზე მიანიშნა და თქვა, რომ მეორე მგზავრი სწორედ იქ იყო. ამ არგუმენტის მიუხედავად, ქალი პოლიციასთან დიდხანს კამათობდა, რადგან ოფიცრები მუცლადმყოფ ბავშვს მეორე მგზავრად არ თვლიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტეხასი ერთ-ერთია იმ შტატებიდან, რომლებმაც აბორტის უფლების აკრძალვას მხარი დაუჭირეს. მძღოლმა ქალმა სწორედ ამ გადაწყვეტილების გამოყენება სცადა და პოლიციას უთხრა, რომ "ახალი კანონის მიხედვით, მუცლადმყოფი ბავშვიც ადამიანად ითვლება".

პოლიციის ოფიცერმა ქალი 275 დოლარით დააჯარიმა და ურჩია, რომ იგივე ფრაზა სასამართლოზეც გაემეორებინა. ოფიცრის განმარტებით, მეორე მგზავრი სხეულის გარეთ უნდა ყოფილიყო, რათა ქალს კანონი არ დაერღვია. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დაუბადებელ ბავშვს პიროვნებად ცნობს, შტატის სატრანსპორტო კანონი მუცლადმყოფ ბავშვს ცალკე მგზავრად არ განიხილავს.

ტეხასელი იურისტების აზრით, ეს საგზაო შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ აბორტის უფლების გაუქმების შემდეგ საკმაოდ ბევრ სფეროში მანამდე არსებული კანონები პრობლემური ხდება." არ არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც ამ შემთხვევას გადაჭრით, რადგან ტეხასის სატრანსპორტო კანონი არ შეცვლილა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ორგანომ შემდეგ სესიაზე სწორედ ეს განიხილოს", — ამბობს იურისტი ჩად რუბაკი.

დაჯარიმებული ქალი კი თვლის, რომ შტატს ურთიერთგამომრიცხავი კანონები არ უნდა ჰქონდეს, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულ რამეს ამტკიცებს.