თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ფლორენს პიუ ცოტა ხნის წინ ვალენტინოს ჩვენებას თვალისმომჭრელი ვარდისფერი კაბით დაესწრო. ფლორენსს ვარდისფერი ფეხსაცმელი და პატარა ჩანთაც ამშვენებდა. როგორც ჩანს, საკუთარი ჩაცმულობით თავადაც კმაყოფილი დარჩა, რადგან ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტოც დადო და ვალენტინოსა და საკუთარ გუნდს მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხანში ფლორენსმა იმავე კაბაში ფოტოებით ინსტაგრამზე კიდევ ერთი პოსტი დადო, თუმცა ამჯერად მოდის სახლისა თუ საკუთარი სტილისტების მაგივრად იმ ადამიანებს მიმართა, რომლებმაც ფლორენსი გამჭვირვალე კაბისა და მკერდის გამოჩენისთვის გააკრიტიკეს.

ფოტო: florencepugh

ფოტო: florencepugh

ფლორენსმა თავდაპირველად ის აღნიშნა, რომ გამჭვირვალე კაბის მორგების დროს იცოდა, რომ გარკვეულ კრიტიკასა თუ არასასიამოვნო კომენტარებს აუცილებლად მიიღებდა. ამის მიუხედავად, მისი თქმით, კაბის ჩაცმა ერთი წამითაც არ უნანია. თუმცა მაინც გაოცებული დარჩა იმ კაცებით, რომლებმაც მისი დაცინვა და შეურაცხყოფა საჯაროდ გადაწყვიტეს:

"საინტერესოა იმის ნახვა, თუ რა მარტივია კაცებისთვის ქალის სხეულის საჯაროდ, ამაყად და ყველას დასანახად განადგურება. საკუთარ [ინსტაგრამის] ბიოგრაფიაში სამუშაო ადგილები და სამსახურის მეილებიც კი გიწერიათ. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არაა, როცა ქალი უცნობებისგან გაიგებს, თუ რა პრობლემები აქვს მის სხეულს, თუმცა შემაშფოთებელია, თუ როგორი ვულგალურია ზოგიერთი კაცი.

საბედნიეროდ, უკვე შევეჩვიე ჩემი სხეულის იმ კომპლექსურობას, რომელიც მე მედ მაქცევს. მაბედნიერებს ყველა ის "ნაკლი", რომელთა დანახვაც 14 წლისას მძულდა. უამრავ თქვენგანს აგრესიულად სურდა ჩემთვის ეცნობებინებინა, თუ რაოდენ იმედგაცრუებული იყავით ჩემი "პატარა ძუძუებით" ან ის, რომ უნდა შემრცხვეს, რადგან "ბრტყელი" მკერდი მაქვს. ჩემს სხეულში დიდი ხანია ვცხოვრობ და მშვენივრად ვიცი, რა ზომისაცაა და მისი არ მეშინია.

ფოტო: florencepugh

ფოტო: florencepugh

უფრო შემაშფოთებელი ისაა, თუ რატომ გეშინიათ ასე ძალიან მკერდის? პატარასი? დიდის? მარცხენასი? მარჯვენასი? მხოლოდ ერთის? იქნებ არცერთის? რა არის ასეთი საშიში? ნეტავ, რა გადაგხდათ, რომ ასე მარტივად შეგიძლიათ გაბრაზდეთ ჩემი მკერდისა და სხეულის ზომის გამო?"

ფლორენსის თქმით, უხარია, რომ ისეთ სახლში გაიზარდა, სადაც ყველა ქალი ამაყობდა საკუთარი სხეულით და მანაც ისწავლა, როგორ იგრძნოს თავი კომფორტულად. ფლორენსმა ისიც აღნიშნა, რომ სილამაზის სტანდარტებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და ეს კაბაც იმიტომ ეცვა, რომ ასე უნდოდა.

"გაიზარდეთ, პატივი ეცით ხალხს, სხეულებს, ყველა ქალს, ადამიანებს. გარწმუნებთ, რომ ასე ცხოვრება უფრო მარტივი იქნება."