მსახიობობის, მომღერლობის და მოდელობის შემდეგ, როგორ ჩანს, ზენდეიას ამჯერად რეჟისორობაში სურს თავის გამოცდა. ზენდეიამ Vogue-თან მიცემულ ახალ ინტერვიუში მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა და სწორედ იქ აღნიშნა, რომ Euphoria-ს ერთ-ერთი ეპიზოდის რეჟისორობას გეგმავს.

ზენდეიას თქმით, Euphoria-ს სერიის რეჟისორობა მას აქამდეც შესთავაზეს. მსახიობს მე-2 სეზონის მე-6 სერია, სახელად A Thousand Little Trees of Blood, უნდა გადაეღო, თუმცა ვერ შეძლო. ამის მიზეზი ის არის, რომ სერიაში თავადაც უნდა ეთამაშა და რეჟისორობისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო აღარ ჰქონდა.

ფოტო: HBO

"ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან Euphoria-ს მე-2 სეზონის მე-6 ეპიზოდი მე უნდა გადამეღო, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თან უნდა მეთამაშა კიდეც. ასე რომ, რეჟისორობისთვის საკმარისი დრო აღარ მქონდა და სერიის გადაღება ვერ მოვახერხე. მინდოდა, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა და ამისთვის დროც მქონოდა. იმედია, ამას მომავალ სეზონში შევძლებ", — ამბობს ზენდეია.

როგორც ჩანს, ზენდეია Euphoria-ს ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელსაც რეჟისორობის მხრივაც სურს გამოცდილების მიღება. Euphoria-ს მსახიობმა ჰანტერ შაფერმა მე-2 სეზონის ეპიზოდზე, სახელად Fuck Anyone Who’s Not a Sea Blob, რეჟისორ და სცენარისტ სემ ლევინსონთან ერთად იმუშავა.