კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნება ხელს შეუწყობს ევროპას მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი უარს ამბობს რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ივნისის დასაწყისში, გაზპრომმა შეამცირა გერმანიისთვის გაზის მიწოდება, რის მიზეზადაც სწორედ ჩრდილოეთის ნაკადი 1 გაზსადენის რუსული ტურბინა სახელდებოდა, რომელიც რემონტდებოდა და რომლის დაბრუნებაზეც კანადა უარს ამბობდა.

  • DW წერს, რომ კიევმა მოუწოდა ოტავას არ დაებრუნებინა ტურბინები, რუსეთი კი გერმანიის შანტაჟში დაადანაშაულა.

დეტალები: კანადაში შეკეთებული ტურბინა ჯერ გერმანიას დაუბრუნებს, ხოლო გერმანია გაზპრომს გადასცემს.

  • მიზეზად კი სახელდება, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ შეწყვიტოს ტურბინების თემით სპეკულირება და აღადგინოს ბუნებრივი აირის კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობით მიწოდება.
  • უილკინსონის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი შეაჩერებს გაზსადენ Nord Stream 1-ს მუშაობას, ეს კი გერმანიის ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის.

უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და გამოთქვეს შეშფოთება კანადის გადაწყვეტილებაზე. მათი თქმით, რუსეთს შეუძლია, გააგრძელოს გერმანიისთვის გაზის სრულად მიწოდება კანადაში არსებული ტურბინის გარეშეც.

  • "ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი — გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის გრძნობას".
  • "რუსეთის მოთხოვნა ტურბინის სავალდებულო დაბრუნების შესახებ გაზის ტრანსპორტირების გასაგრძელებლად, არის შანტაჟი, რომელსაც ტექნიკური დასაბუთება არ აქვს".