რუსეთში McDonald's-ის შემცვლელ რესტორანს კარტოფილი ფრის დეფიციტი აქვს. რესტორნის ზოგიერთი ფილიალის მენიუდან კარტოფილი ფრი საერთოდ ამოიღეს. "გემრიელია და წერტილი" (Вкусно и точка) — ასე ჰქვია რესტორნების ახალ ქსელს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებმა McDonald's-ის დავიწყება უნდა მოახერხონ.

რესტორნის განცხადებით, ქვეყანაში იმ კარტოფილის სახეობის დეფიციტია, რომლითაც ფრის ამზადებდნენ. შემოდგომისთვის კი ახალი მოსავლის მარაგს ელოდებიან და კარტოფილი ფრი მენიუშიც დაბრუნდება. გარდა ამისა, რესტორანი ცდილობდა, რომ კარტოფილი იმპორტის მეშვეობით შემოეტანა და ადგილობრივი პროდუქტი დროებით ჩაენაცვლებინა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ფოტო: BBC

McDonald's-ის შემცვლელი რესტორნის მენიუდან კარტოფილი ფრის ამოღებას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს."რუსეთის ბაზარი კარტოფილით სრულად მარაგდება, მათ შორის გადამუშავებული პროდუქტითაც. გარდა ამისა, ბაზარზე უკვე შემოდის ახალი მოსავალი, რაც კარტოფილის დეფიციტის შესაძლებლობას გამორიცხავს", — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვში პირველი McDonald's-ის რესტორანი 1990 წელს გაიხსნა. რამდენიმე თვის წინ კი, მაკდონალდსმა სხვა უცხოურ კომპანიებთან ერთად რუსული ბაზარი უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად დატოვა.