სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია თავდასხმას მისი სამსახურის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს. ამის შესახებ მან ჟრნალისტებს განუცხადა. თორდია ამბობს, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.

"შეხვედრის დროს ფარცხალაძემ ძალიან აგრესიული ტონით მომმართა, რომ რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდეგ. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ამ შინაარსით და ამ ტონით მას ჩემთან საუბრის არც უფლება და არც საშუალება არ ჰქონდა და ესაუბრა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ეს მას შეეძლო. რაზედაც მისმა თანმხლებმა პირმა ძალიან დიდი აგრესიით მიპასუხა, რომ წესიერად მელაპარაკა მის უფროსთან, თუ ვინც არის. მე ვუთხარი, შენ ვინღა ხარ-თქო. ამას მოჰყვა შემდგომ უკვე დარტყმა თავის არეში გვერდიდან. ბევრი იყვენენ, დაახლოებით ხუთი ადამიანი იყო. ამ ხუთმა ადამიანმა დარტყმის შემდგომ, ყველამ დაიწყო უკვე თავდასხმა. ოთარ ფარცხალაძემ დაიწყო და ოთარ ფარცხალაძეც ჩხუბობდა პირადად ამ პროცესში," - განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდიას თავს გუშინ, 12 მაისს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) იძიებს.