სლოვენიის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი და იმავე წყვილებისათვის ქორწინებისა და ბავშვის შვილად აყვანის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, პარლამენტს დაევალა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით კანონმდებლობა მოაწესრიგოს და თანასწორი ქორწინების შესაძლებლობა უზრუნველყოს.

აქამდე ქვეყანაში ქორწინებისა და ბავშვის შვილად აყვანის უფლება მხოლოდ საპირისპირო სქესის წყვილებს ჰქონდათ, რაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონს არღვევს.

სასამართლოს განჩინებით, ერთი და იმავე სქესის წყვილებისადმი დისკრიმინაცია "არ შეიძლება გამართლდეს იმ ტრადიციული გაგებით, რომლის მიხედვითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირია".

სლოვენიის სასამართლო უწყების აღნიშნული გადაწყვეტილება უჩვეულოა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის, სადაც თანასწორი ქორწინება ბევრ ქვეყანაში კონსტიტუციით იკრძალება.

პრაიდის აღნიშვნა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში

ფოტო: Masa Gojic

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ამ მხრივ ყველაზე პროგრესული კანონმდებლობა ესტონეთს აქვს, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილების სხვა ქვეყანაში გაფორმებულ ქორწინებებს 2016 წლიდან ცნობს. სამოქალაქო პარტნიორობების აღიარებისათვის კანონმდებლობების მოწესრიგება მიმდინარეობს ხორვატიაში, უნგრეთში, მონტენეგროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაშიც.

სლოვენიაში, რომელიც წინათ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფი სოციალისტური რესპუბლიკა იყო და დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა, ხელისუფლება ცოტა ხნის წინ შეიცვალა; მემარჯვენე კონსერვატიული ძალა მთავრობაში ლიბერალურმა პარტიამ შეცვალა.

ახალ მთავრობაში შრომის, ოჯახის, სოციალური საქმეებისა და თანასწორი შესაძლებლობების მინისტრის, ლუკა მესეჩის თქმით, კანონმდებლები მისაღებ ცვლილებებს უახლოეს კვირებში მოამზადებენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ჩვენ დიდი სიამოვნებით აღვასრულებთ", — განაცხადა მესეჩმა.