ილონ მასკის თქმით, იგი Twitter-ის შესაძენად დადებულ 44-მილიარდიან შეთანხმებას დაასრულებს, რადგან კომპანიამ ბიზნესმენი პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაციით არ უზრუნველყო.

მასკის ადვოკატების განცხადებით, ზემოხსენებულ ინფორმაციას კომპანიის ბიზნესპერფორმანსისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა Twitter-მა ამასთან დაკავშირებული მოთხოვნები უგულებელყო.

"Twitter ზოგჯერ მასკის მოთხოვნებს არ აქცევდა ყურადღებას, ზოგჯერ გაუმართლებელი მიზეზების გამო უგულებელყოფდა მათ, ზოგჯერ კი სულაც შესრულებაზე თანხმდებოდა, მაგრამ მასკს არასრულ და გამოუსადეგარ ინფორმაციას აძლევდა", — ვკითხულობთ დოკუმენტებში.

შესაბამისად, ისინი ტვიტერს მცდარი წარმოდგენის შექმნისთვის ადანაშაულებენ — მასკი სწორედ ამ წარმოდგენებს დაეყრდნო, როდესაც გაერთიანების შეთანხმებაში ჩაერთო.

Twitter-ს მედიაორგანიზაციებთან კომენტარი მაშინვე არ გაუკეთებია.

კომპანიის თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორის, მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ტვიტში ვკითხულობთ, რომ "Twitter-ის საბჭო მასკთან შეთანხმებულ ფასსა და პირობებზე ტრანზაქციას დახურავს", გაერთიანების შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად კი ლეგალური გზებით განაგრძობენ მოქმედებას.

შეგახსენებთ, რომ მასკმა ტვიტერის შესყიდვის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა. მას შემდეგ, საბოლოო შეთანხმების/ანგარიშსწორების დადგომამდე, მხარებიი დეტალებს აზუსტებდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.