12 ივლისს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით გადაღებულ პირველ ფოტოებს ვიხილავთ, მანამდე კი NASA-მ სატესტო სურათი შემოგვთავაზა, რომელიც ტელესკოპის შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

როგორც კოსმოსური სააგენტოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, სატესტო სურათის გადაღებას 32 საათი და 72 ექსპოზიცია დასჭირდა. მათი განცხადებით, იგი "სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე შორეული გამოსახულებაა, რომელიც კი ოდესმე აღუბეჭდავთ". საგულისხმოა, რომ ტელესკოპი ჯერ მხოლოდ ახლა ამუშავდა.

ასევე იხილეთ: და აი ისიც — ჯეიმს ვების ტელესკოპმა "პირველი სამეცნიერო მონაცემების" შეგროვება დაიწყო

შთამბეჭდავი ფოტო ტელესკოპის Fine Guidance Sensor-ის (FGS) ადრეული ტესტირებისას გადაიღეს, რომლის მიზანია შემოწმდეს, თუ რამდენად კარგადაა კამერები და სარკეები განლაგებული.

"ტესტის დროს დაუგეგმავი გამოსახულებების აღბეჭდვის დროსაც კი FGS-ს კოსმოსის გასაოცარი ხედების უზრუნველყოფა შეუძლია", — წერს NASA.

ფოტო, რომელიც მაისში გადაიღეს და ახლაღა გვაჩვენეს, მხოლოდ და მხოლოდ წინამორბედია იმისა, რაც უახლოეს დღეებში გველის — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შორეულ კოსმოსში გადაღებულ პირველ ფერად სურათებს ვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.