პაკისტანის ქალაქ ყარაჩში თიკანი დაიბადა, რომელსაც უჩვეულოდ გრძელი ყურები აქვს. თიკანს სიმბა დაარქვეს და მისი ყურების სიგრძე 54 სმ-ს აღწევს, რის გამოც მედიისა და ინტერნეტის ყურადღება მალევე მიიპყრო.

პატრონი იმედოვნებს, რომ თიკანი გინესის რეკორდის მფლობელი გახდება. ის გინესის რეკორდების წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, რადგან მათ ვებსაიტზე "ყველაზე გრძელი ყურების მქონე თხის" კატეგორია ჯერჯერობით არ ჩანს.

ფოტო: Twitter

"დაბადებიდან 12 დღეში სიმბა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და სილამაზის კონკურსიც მოიგო. 30 დღეში კი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამის მისაღწევად ადამიანებს 25 ან 30 წელი შეიძლება დასჭირდეთ", — ამბობს თიკნის პატრონი, მუჰამედ ნარეჯო.

ფოტო: Twitter

სიმბა ნუბიური ჯიშის თხაა, რომლებიც სხვებთან შედარებით ყველაზე გრძელი ყურებით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, სიმბას ყურების სიგრძე ამ ჯიშისთვისაც კი უჩვეულოდ დიდია. ამის სავარაუდო მიზეზი გენური მუტაცია ან გენეტიკური აშლილობაა, თუმცა სიმბას მეპატრონეს თქმით, თიკანს ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნება.