დიდ ბრიტანეთში დაკავებულ ქალს, რომელმაც სხვების ნაცვლად მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა 150-ჯერ ჩააბარა, 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. 29 წლის ქალმა თავადაც აღიარა, რომ 2018-2020 წლებში გამოცდის ჩაბარებაში 150 ადამიანს დაეხმარა.

პოლიციის თქმით, ქალი გამოცდას იმ ადამიანების ნაცვლად აბარებდა, რომლებმაც ინგლისური ენა კარგად არ იცოდნენ. ეჭვმიტანილის დაკავება მას შემდეგ შეძლეს, რაც სხვადასხვა საგამოცდო ცენტრმა აპლიკანტის მიერ სხვა ადამიანის განსახიერების შესახებ პოლიციას საჩივრით მიმართა.

ფოტო: BBC

პოლიციის თქმით, ქალს გამოცდის ჩაბარებაში თანხას უხდიდნენ. "მსგავსი თაღლითობები საზოგადოებას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის", — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სააგენტო, რომელიც მართვის მოწმობებს გასცემს, აცხადებს, რომ თაღლითურად ჩაბარებული ყველა გამოცდის შედეგი გაუქმდება. "თეორიისა და პრაქტიკის ტესტების მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ადამიანებს ავტომობილის მართვისას სწორი ცოდნა და უნარები ჰქონდეთ. გამოცდისთვის გვერდის ავლით კი ბევრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", — აცხადებენ სააგენტოში.