ადრეულ სამყაროში მილიარდობით მზის მასის მქონე კვაზარების, ანუ კაშკაშა ზემასიური შავი ხვრელების წარმოქმნის საკითხი მეცნიერებისთვის დღემდე ბუნდოვანია. საქმე იმაშია, რომ მათი ზომისა და ზოგადად, კოსმოსის განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე არსებობის ახსნა ძალიან ძნელია.

გალაქტიკების ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელების შესახებ ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ 2003 წლიდან კვაზარების, ძალიან ნათელი და აქტიური ობიექტების აღმოჩენა დავიწყეთ, რომელთაც "კოსმოსის შუქურებსაც" კი უწოდებენ. ეს პოპულაცია ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა სამყარო 1 მილიარდი წლის იყო, მაგრამ როგორ?

ზემასიური შავი ხვრელების წარმოქმნის 2 სცენარია ყველაზე მიღებული, პირველის თანახმად, ეს მაშინ ხდება, როცა ვარსკვლავი კვდება და შედეგად დაახლოებით 100 მზის მასის მქონე შავ ხვრელს ტოვებს, რომელიც დროთა განმავლობაში მატერიას შთანთქავს და იზრდება. ეს ვარიანტი კვაზარებს ძნელად ერგება. მეორის მიხედვით კი ყველაფრის უკან ძალიან, ძალიან დიდი მნათობი დგას, 100 000-მდე მზის მასითა და ხანმოკლე, 250 000-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობით.

საქმე იმაშია, რომ ასეთი ვარსკვლავები არასდროს აღმოგვიჩენია და უცნობია მექანიზმი, რომელიც მათ ფორმირებას განაპირობებდა, რადგან ეს საკმაოდ იშვიათ, "ეგზოტიკურ" გარემოს საჭიროებს, რომელიც ადრეულ სამყაროში არ იყო. ამის მიუხედავად, მეცნიერთა გუნდის ახალმა სიმულაციებმა პოტენციური წყარო გამოავლინა, რომლის არსებობაც იმდროინდელი კოსმოსის განსხვავებულ პირობებში შესაძლებელია.

ეს გახლავთ მკვრივი, ცივი და ტურბულენტური აირის უმძლავრესი ნაკადები, რომელთა გადაკვეთისა და კოლაფსის შედეგადაც სიმულაციაში 2 გიგანტური ვარსკვლავი გაჩნდა, 31 000 და 40 000 მზის მასით. ზემოხსენებული ნაკადიდან აირის ჩადინება ღრუბელში კი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადში მილიარდობით მზის მასის მქონე კვაზარის ფორმირებას უწყობს ხელს.

"პირველადმა ღრუბლებმა, რომელთაც კვაზარების წარმოქმნა შეეძლო კოსმოსური განთიადისას, როცა პირველი ვარსკვლავები გაჩნდა, ასევე მათი მასიური 'თესლები' შექმნა. ეს მარტივი და გასაუცარი შედეგი ხსნის არა მხოლოდ პირველი კვაზარების წარმომავლობას, არამედ მათ რაოდენობას ადრეულ ხანაში", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.