მოპოვებული სასამართლო მასალების მიხედვით, ილონ მასკს 2021 წელს ხელოვნური ინტელექტის კომპანია Neuralink-ის აღმასრულებელ დირექტორთან, შივონ ზილისთან, ტყუპი შვილი ეყოლა.

მსოფლიოში უმდიდრეს კაცს ამჟამად საზოგადოებისთვის ცნობილი 9 შვილი ჰყავს, მათ შორის, ხუთი პირველ ცოლთან, ჯასტინ მასკთან, ორი კი მომღერალ Grimes-თან.

ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ მასკმა და ზილისმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს, ბავშვებს მამის გვარი ჰქონოდათ, დედის გვარი კი მეორე სახელი ყოფილიყო.

მიმართვა სასამართლომ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მიიღო — სადაც ბავშვები დაიბადნენ. ცნობების მიხედვით, ეს 2021 წლის ნოემბერში მოხდა, სანამ მასკსა და Grimes-ს სუროგატი დედის დახმარებით მეორე შვილი შეეძინებოდათ.

36 წლის შივონ ზილისი კანადაში დაიბადა, მოგვიანებით კი ეკონომიკასა და ფილოსოფიას სწავლობდა იელის უნივერსიტეტში. მას სხვადასხვა ცნობილ კომპანიაში აქვს ნამუშევარი, დღეს კი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. 2017 წლიდან ზილისი Neuralink-ში მუშაობს, რომელიც ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა.

Neuralink-თან ერთად, მასკი სხვა ცნობილ ბრენდებსაც ფლობს, მათ შორის, ელექტრომანქანების მწარმოებელ კომპანია ტესლას და კოსმოსური ხომალდების შემქმნელ კომპანიას SpaceX.

საზოგადოებისთვის ცნობილი ცხრა შვილის მამამ, ილონ მასკმა, წინათ შობადობის გაზრდას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ "ცივილიზაცია განადგურდება", თუკი პლანეტაზე მეტი ბავშვი არ დაიბადება.

"მე ჩემს წილს ვასრულებ", — დაწერა მან ტვიტერზე.

თუმცა, მასკის ზოგიერთ შვილს სულაც არ სურს, ბიოლოგიურ მამასთან რაიმე აკავშირებდეს. ერთ-ერთმა მათგანმა ცოტა ხნის წინ სასამართლოს სახელის შეცვლის თხოვნითაც მიმართა. იგი ტრანსგენდერია, ბიზნესმენი კი ადამიანის გენდერული იდენტობის შესაფერისი ნაცვალსახელებით მოხსენიებას "ესთეტიკურ კოშმარს" უწოდებს.

ცოტა ხნის წინ მასკი სექსუალურ შევიწროებაშიც დაადანაშაულეს, თუმცა, იგი ბრალდებებს უარყოფს.