დროას ლიდერი ბიზნესმენების, მოსამართლეებისა და პროკურორების შემდეგ, ახლა რამდენიმე მაღალჩინოსნის სანქცირებაზე საუბრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხოშტარიამ უკვე მოითხოვა ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოოდ შესრულება და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

  • მან დაასახელა ბიზნესმენებიც რომლებიც, მისი თქმით, ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის საყრდენები არიან და მოითხოვა 9 მოსამართლის სანქცირებაც.
  • ხოშტარიას განცხადებით, მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემაში ივანიშვილის "ოლიგარქიული საყრდენები" მუშაობენ, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და რამდენიმე პროკურორის სანქცირებაც მოითხოვა.
  • ოპოზიცია სანქციების დაწესებაზე სამუშაოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გეგმავს ვიზიტს.

დეტალები: ხოშტარიას დასახელებულ პირებს შორის სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური არიან.

  • ასახელებს კიდევ ერთ პიროვნებას კობა კობიძეს, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს ხელმძღვანელობს და მისივე თქმით, ჩართული მიყურადებასა და შანტაჟში.

ხოშტარიას თქმით, სამსახური, რომელსაც ლილუაშვილი ხელმძღვანელობს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური.

  • რაც შეეხება გომელაურს, ხოშტარია ამბობს, რომ ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მინისტრად დაინიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება ივანიშვილს.

კონტექსტი: რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ იწყებენ განხილვას საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების სანქცირებაზე.

  • "ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები".