საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა ემ ქეი დი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-სგან ევროპული პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით წერილი მიიღო.

როგორც ცნობილია, ამ რეზოლუციაში პარლამენტმა ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება განეხილა.

ოლიგარქის წარმომადგენელი ბანკს მათი კლიენტის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ Credit Suisse ამისთვის "პოლიტიკური შეფერილობის საბაბს" იყენებს. ივანიშვილი ბანკისგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, თანხის გადარიცხვას ითხოვს.

რა მისწერა ბანკმა ივანიშვილს

ყოფილი პრემიერმინისტრის ინტერესების დამცველის თქმით, Credit Suisse ევროპული პარლამენტის რეზოლუციის გამო ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურებას სასამართლოს თანხმობის გარეშე არ აპირებს, რისი მიზანიც პროცესის "უსასრულოდ გაჭიანურებაა".

"2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიციირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება", — წერის საადვოკატო ფირმის განცხადებაში.

ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ "განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია".

"ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ "რეგულატორულ ვალდებულებებზე" უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია", — წერს ემ ქეი დი.

საადვოკატო ფირმა წერს, რომ, ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც ლახავს.

სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს

ივანიშვილის წარმომადგენელი

მოვლენათა ქრონოლოგია — რატომ არ ურიცხავს Credit Suisse თანხას ივანიშვილს

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.

ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა. ვიდრე ბანკი ივანიშვილს ევროპული პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხვებს გაუგზავნიდა, რამდენიმე თვის წინ თანხის გადაცემის შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი ახსნა. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრზე ზეწოლად შეაფასეს.

"ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა.

სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. "გეოპოლიტიკურ მოვლენებთან", — წერია განცხადებაში.

ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ბანკს განუმარტეს, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, თუმცა დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.

მისივე თქმით, 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო.

განცხადებაში წერია, რომ ივანიშვილი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში. საადვოკატო ფირმის შეფასებით, ტრასტი "ჯიუტად სვამდა კითხვებს" უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე.

"საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს.

ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან", — წერია განცხადებაში.

ოლიგარქის ინტერესების დამცველი წერს, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ივანიშვილი.