ბირმინგემში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 29-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტის ძირითადი ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს ეთმობა, აქვე განხილულია საქართველოსა და მოლდოვის მდგომარეობა რუსული აგრესიის კონტექსტში.

დეტალები: რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია დაასრულოს და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

  • აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია.
  • ისინი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული ნიშნების წაშლას გმობენ.
  • ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობა.