ყინვით გამოშრობის ტექნოლოგია, იგივე ლიოფილიზაცია, დღეს კვებისა თუ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება. მისი საშუალებით პროდუქტებს რამდენჯერმე ყინავენ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, შემდეგ კი ვაკუუმში, მაღალი წნევის პირობებში ათავსებენ. ამ პროცესში წყლის ყინული არ კრისტალიზდება, რაც უჯრედების დაუზიანებლად შენახვას უწყობს ხელს. ყინული პირდაპირ აირად გარდაიქმნება, რომელსაც გარეთ ტუმბავენ. პროდუქტის "გამოსაცოცხლებლად" მხოლოდ რეჰიდრატაციაა საჭირო, რის შემდეგაც ის თავდაპირველი მახასიათებლების უმეტესობას ინარჩუნებს.

რა თქმა უნდა, მსგავსი მეთოდის გამოყენება რეპროდუქციისთვის განკუთვნილ უჯრედებზე ძალიან რთულია, მაგრამ, მკვლევართა თქმით, ეს გენეტიკური რესურსების ხანგრძლივად, იაფად და უსაფრთხოდ, ასევე, ნებისმიერ ადგილზე შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამის მიუხედავად, ისინი აღნიშნავენ, რომ ყინვით გამომშრალი უჯრედები, რომლებსაც აქამდე შთამომავლობა მოუცია, მხოლოდ მომწიფებული სპერმატოზოიდებია.

ცხოველთა კლონირებისთვის სომატური უჯრედებია საჭირო, რომლებიც, რეპროდუქციულისგან განსხვავებით, მთლიან დნმ-ს შეიცავს. ის შემდეგ კვერცხუჯრედში გადააქვთ, მცირე მანიპულაციებს უტარებენ და ემბრიონს ზრდიან. ამჟამად ორივე ტიპის უჯრედები თხევად აზოტში ინახება, რაც ძვირადღირებული და ძნელია.

ფოტო: genengnews

ახალი კვლევის ფარგლებში, სპეციალისტებმა ყინვით გამოშრობის ტექნოლოგია თაგვების სომატურ უჯრედებზე გამოცადეს და ისინი -30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 9 თვის განმავლობაში შეინახეს. ზოგიერთი მათგანი ლიოფილიზაციას ვერ გადაურჩა, ზოგში კი დნმ დაზიანდა, მაგრამ გუნდმა გადარჩენილი გენეტიკური ინფორმაციის ამოღება და სხვა უჯრედებში გადატანა შეძლო, რომლებიც ადრეულ ემბრიონულ უჯრედთა პოპულაციებად იქცა. ბოლოს, ამ უკანასკნელთა ბირთვში არსებული ინფორმაცია მეცნიერებმა ახალ ემბრიონში გადანერგეს და კლონირებული მღრღნელები მიიღეს.

როგორც ხვდებით, ეს საკმაოდ რთული პროცესია. ექსპერიმენტის ყოველი ეტაპის წარმატება მთლიანობაში მხოლოდ 0.2 პროცენტი იყო, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ კლონში, დნმ-ის დაზიანების გამო, ეპიგენეტიკური ანომალიები გამოვლინდა. მაგალითად, ერთ შემთხვევაში უჯრედმა Y ქრომოსომა დაკარგა, შედეგად კი მამრის ნაცვლად, მდედრი ცხოველი მივიღეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, თუმცა ზემოხსენებული მიღწევა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.