მას შემდეგ, რაც Stranger Things 4-ში გაჟღერებული კეიტ ბუშის სიმღერა ჩარტების სათავეში მოექცა, იგივე მეორდება სერიალში გამოყენებულ სხვა მუსიკებზეც. ამჯერად Stranger Things-ის მე-4 სეზონში Metallica-ს ცნობილი სიმღერა Master of Puppets გაჟღერდა, რასაც ბენდის წევრებიც გამოეხმაურნენ.

სერიალის ფინალურ ეპიზოდში Master of Puppets-ს პერსონაჟი ედი უკრავს, როცა ცდილობს, ვეკნას მცველ ღამურებს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს. გასულ სამშაბათს Metallica-ს ინსტაგრამის გვერდზე სწორედ სერიალის ფინალური ეპიზოდის კადრები გამოქვეყნდა და ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ შოუში მათი მუსიკის გაჟღერებით აღფრთოვანებულები იყვნენ და ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში Master of Puppets-ის მოსმენა ძალიან ესიამოვნათ.

"Stranger Things-ის ბოლო ეპიზოდში Master of Puppets-ის ჩართვა პროდიუსერებს შესანიშნავად გამოუვიდათ. არ ველოდით, რომ სერიალის მთავარი და მნიშვნელოვანი სცენა ჩვენს მუსიკაზე იქნებოდა აგებული. როცა ბოლო ვერსია ვნახეთ, ყველანი აღფრთოვანებულები და გაოგნებულები ვიყავით. სცენა იმდენად კარგად არის გაკეთებული, რომ ზოგიერთმა გულშემატკივარმა სიმღერის გამოცნობა პერსონაჟის თითებზე რამდენიმე წამის დაკვირვებითაც კი შეძლო", — ვკითხულობთ Metallica-ს ინსტაგრამზე.

როგორც ჩანს, შოუს მაყურებელთან ერთად Stranger Things 4-ის ფინალურ სერიაში საკუთარი მუსიკის მოსმენა Metallica-ს წევრებსაც ძალიან მოეწონათ. "წარმოუდგენლად დიდი პატივია, რომ ედის მოგზაურობის ნაწილი ვიყავით, ასევე შოუს შემქმნელ ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობაც სასიამოვნო იყო", — ვკითხულობთ Metallica-ს პოსტში.