პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ, 7 ივლისს დაგაგმილ შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე ისაუბრებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა. მათ შორისაა, პოლარიზაციის დასრულებაც.

  • ქართული ოცნება ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებენ, ამიტომ პარლამენტში პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს შექმნიან.
  • ჯგუფში იქნებიან საპარლამენტო პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები, შემადგენლობა დაზუსტდება კონსულტაციის საფუძველზე.
  • მათივე თქმით, დეპოლარიზაციის კოორდინაციას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის თქმით, აქვთ გაწერილი კონკრეტული გრაფიკი, რის მიხედვითაც სურთ, პრიორიტეტების შესრულება.

  • "ხვალ იქნება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელიც შეეხება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაძლიერების საკითხებს".
  • მისივე თქმით ორშაბათს უკვე დაგეგმილი აქვს შეხვედრა, მათ შორის, ოპოზიციასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ ქართულ პოლიტიკაში რიტორიკა არის ერთ-ერთი მაპოლარიზებელი ფაქტორი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ განსაზღვროს რიტორიკა და არა რიტორიკამ პოლიტიკა.

  • დეპოლარიზაციაზე საუბრისას მან კვლავ გააკრიტიკა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.
  • თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებას კი არ სთავაზობს, არამედ დათანხმებას — "რაც არის ულტიმატუმით საუბარი".