როგორც ევროპის ბირთვილი კვლევის ცენტრი იუწყება, მეცნიერებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მუშაობენ, სამი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს.

27 კილომეტრი სიგრძის LHC ის მოწყობილობაა, რომელზეც მეცნიერებმა ჰიგსის ბოზონი დააფიქსირეს. მიიჩნევა, რომ ამ ნაწილაკმა, თავისი ენერგიის ველთან ერთად, 13.7 მილიარდი წლის წინანდელი დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ჩამოყალიბებაში არსებითი როლი შეასრულა.

ახლა კი, CERN-ის მეცნიერების განცხადებით, მათ ახალი ტიპის პენტაკვარკი და ტეტრაკვარკების პირველი წყვილი აღმოაჩინეს, რაც LHC-ზე აღმოჩენილი ახალი ადრონების რაოდენობას სამი წევრით ზრდის. ეს ფიზიკოსებს იმის გაგებაში დაეხმარება, თუ როგორ აყალიბებენ კვარკები რთულ ნაწილაკებს.

აღსანიშნავია, რომ კვარკები ელემენტარულ ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომლებიც ადრონების შესაქმნელად ორ ან სამ კვარკად ერთიანდებიან. სამი კვარკისგანაა აგებული ატომბირთვის შემადგენელი პროტონი და ნეიტრონი. ასევე გვხვდება ნაწილაკები, რომლებიც ოთხი ან ხუთი კვარკისგან შედგება. მათ ტეტრაკვარკი და პენტაკვარკი ეწოდება, შესაბამისად.

"რაც უფრო მეტად ვაანალიზებთ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს, მით უფრო მეტი ტიპის ეგზოტიკურ ადრონს ვპოულობთ", — განაცხადა ფიზიკოსმა ნილს ტანინგმა. "ჩვენ 1950-იანების მსგავსი აღმოჩენების პერიოდის მომსწრეები ვართ, როდესაც ადრონული 'ნაწილაკების ზოოპარკის' აღმოჩენა დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა კვარკის მოდელის ჩამოყალიბება 1960-იან წლებში. ახლა 'ნაწილაკების ზოოპარკ 2-ს' ვქმნით". უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი "ნაწილაკების ზოოპარკი" ნაწილაკების ფიზიკაში მეცნიერებისთვის ცნობილ ელემენტარულ ნაწილაკებს აერთიანებს.