სან ფელიჩე ჩირჩეოს ნავსადგომთან ახლოს, ოკეანეში აღმოჩენილი ჭურჭელის შესწავლით მკვლევართა გუნდმა დაადგინა, რომ იტალიაში, რომის იმპერიაში, მეღვინეები ღვინოს ადგილზე მოყვანილი ყურძნით წურავდნენ.

მკვლევრებმა სამი განსხვავებული ღვინის ჭურჭელი, ან ამფორა აღადგინეს და გააანალიზეს, რამაც მათ სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა ამ რეგიონში ძვ.წ.აღ. I-II საუკუნეებში ღვინის დაწურვის პრაქტიკების შესახებ.

ამ კვლევას, რომელიც ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა, განსაკუთრები გამორჩეულს ხდის ის ფაქტი, რომ იგი ამ ჭურჭლების შესახებ მეტის შესასწავლად ყველაზე თანამედროვე ქიმიური ანალიზის ტექნოლოგიებსა და არქეობოტანიკის მიდგომებს აერთიანებს.

"სამი ზღვის ამფორა, რომელიც 2018 წელს სან ფელიჩე ჩირჩეოს უძველეს ღუზის სადგომთან აღმოაჩინეს, არქეობოტანიკური და ქიმიური ანალიზის საშუალებით ინტერდისციპლინარული კვლევის განვითარების იშვიათ შესაძლებლობას გვთავაზობს", — წერენ მკვლევრები თავიანთ მოხსენებაში.

ერთ-ერთი ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც გუნდმა გამოიყენა, აირის ქრომატოგრაფიისა და მას სპექტრომეტრიის, ნივთიერებაში ქიმიური მარკერების გამოყოფისა და გამოვლენის სხვადასხვა გზების კომბინაციაა. ამ შემთხვევაში მეცნიერებმა ეს მიდგომა ჭურჭელში არსებული ორგანული ნარჩენების შესასწავლად გამოიყენეს.

მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს ნარჩენებში არსებული ვაზის ლერწმის მტვერი. ასეთი ანალიზი მეცნიერებს აქამდეც ჩაუტარებიათ, მაგრამ, სავარაუდოდ, არა ასეთ ღვინის ჭურჭელზე და არც არტეფაქტის ფართო ისტორიული კონტექსტის შესწავლის მიზნით.

ვაზის ლერწმის მტვრის გულდასმით შესწავლამ აჩვენა, რომ ჭურჭელს მეღვინეები იყენებდნენ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინის ჩამოსასხმელად და რომ ამისთვის ადგილზე მოყვანილ მცენარეებს იყენებდნენ. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, იმ დროისთვის ეს მცენარეები მოშნაურებულ კულტურებს წარმოადგენდნენ, თუ არა.

გარდა ამისა, ფისის კვალი გვთავაზობს, რომ იგი ჭურჭლის წყალგამძლეობისთვის და ასევე, ღვინისთვის არომატის მისანიჭებლად გამოიყენებოდა. მკვლევრების თქმით, კუპრი, რომელიც ფისს შეიცავდა, სავარაუდოდ, რეგიონის გარეთ უნდა ყოფილიყო მოპოვებული, კალაბრიაში, ან სიცილიაში.

"მტვრისა და ნახშირის თანაარსებობა ფისის წარმომავლობის დადგენის უკეთ გარკვევაში დაგვეხმარა, რაც მხოლოდ ორგანული ნარჩენების ანალიზით შეუძლებელი იქნებოდა", — წერენ მკვლევრები.

სან ფელიჩეს ნავსადგომის მიმდებარედ გაკეთებული აღმოჩენები, რომელთა ნაწილი რომიდან 90 კილომეტრის დაშორებითაა გაკეთებული, მთელ რიგ კერამიკის ჭურჭელსა და არტეფაქტებს მოიცავს. არქეოლოგების აზრით, ეს ტერიტორია, შესაძლოა, რომაულ არხთან ყოფილიყო ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები მოხსენებაში გაკეთებულ ყველა დასკვნაში დარწმუნებულნი ვერ იქნებიან, მათ შეძლეს, ხარისხიანი კვლევა ჩაეტარებინათ. ამისთვის მათ ინტერდისციპლინარული მეთოდების მთელი რიგი გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც ჭურჭელში არსებული ნარჩენი მასალის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს.

აქედან გამომდინარე, ქიმიური და ბოტანიკური ექსპერტიზის სხვა ისტორიულ თუ არქეოლოგიურ ჩანაწერებთან და მსგავსი ღვინის ჭურჭლის შესახებ აქამდე ჩატარებულ კვლევებთან გაერთიანება ქიმიურ ანალიზს სცდება და უფრო ღრმად სწავლობს არტეფაქტების ისტორიულ კონტექსტს.