ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ ახალ ვიდეოინტერვიუში ქართველმა ფიზიკოსმა, გია დვალმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ამ სტატიაში ყურადღებას სამყაროს საწყისებზე გავამახვილებთ, რის ახსნასაც ფუნდამენტური ფიზიკა ცდილობს. ის ერთმანეთთან გადაჯაჭვულ 3 მიმართულებას აერთიანებს. ესაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კოსმოლოგია და გრავიტაცია. პირველი ცდილობს, გაიგოს, სამყაროს აგებულება ელემენტარულ დონეზე, რაც შეუძლებელია, თუ არ გვეცოდინება მისი როლი ადრეულ ისტორიაში. ამ უკანასკნელს სწორედ კოსმოლოგია სწავლობს.

დვალის თქმით, კოსმოლოგიაში ემპირიულად დადასტურებულია, რომ სამყარო ფართოვდება, რა პროცესშიც გალაქტიკები გვშორდება, თანაც რაც უფრო მეტ დისტანციაზეა, ეს უფრო სწრაფად ხდება. გარკვეულ მანძილზე არსებობს გალაქტიკები, რომლებიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფადაც კი იფანტება, რის გამოც იქიდან სიგნალს ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია. შესაბამისად, გარემოცულნი ვართ ე.წ. კოსმოლოგიური ჰორიზონტით.

დღესდღეობით ვიცით, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება, ანუ ჰორიზონტი ძალიან ნელა იზრდება (შენელებული გაფართოების დროს პირიქით ხდება, რადგან უფრო და უფრო მეტი უბანი შემოდის შიგნით). არსებობს სუბსტანცია, ბნელი ენერგია, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობს, მაგრამ როგორი იქნება მომავალი? საქმე იმაშია, რომ გაფართოება შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ან შენელდეს, რაც სწორედ ბნელ ენერგიაზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს წარსულსაც.

ფოტო: giffer

მეცნიერი ამბობს, რომ კოსმოსის ისტორიის უკან გადახვევა რომ შეგვეძლოს, დავინახავდით, როგორ მკვრივდება და ცხელდება სამყარო, ასევე, როგორ პატარავდება ზემოხსენებული ჰორიზონტი. ეს პროცესი გახლავთ "ცხელი დიდი აფეთქება". ამ ტერმინის შემოღებისას ჯერ კიდევ უცნობი იყო, რომ აჩქარებული გაფართოების ფაზაში შევდივართ, მაგრამ ასეა თუ ისე, აღნიშნული თეორია ამჟამინდელ მდგომარეობას იდეალურად შეესაბამება, ისევე, როგორც ბირთვული სინთეზის ეპოქას, როცა სამყაროს ტემპერატურა ბირთვული ენერგიებისას უტოლდებოდა.

"მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი", — ამბობს დვალი.

ტერმინი "დიდი აფეთქება" სწორედ აქედან იღებს სათავეს და დღეს უფრო განზოგადებული აზრით გამოიყენება. ახლა ეს უკვე არის ერთგვარი კოდური დასახელება სამყაროს პირველსაწყისისთვის, ანუ იმ მომენტისთვის, საიდანაც უკვე ვიცით, რა ხდებოდა კოსმოსში.

"ცნობილია, რომ ცხელ აფეთქებამდე სამყარომ გაიარა აჩქარებული გაფართოების კიდევ ერთი სტადია, რომელსაც ინფლაციას უწოდებენ. ამ დროს იმდენად სწრაფი იყო გაფართოების პროცესი, რომ მთელი ჩვენი ხილული უბანი სამყაროში, ეს უზარმაზარი მანძილი, წამოვიდა ერთი უჯრედიდან, რომლის ზომა დაახლოებით 10-25 სანტიმეტრი იყო", — აცხადებს ფიზიკოსი.

შედარებისთვის, პროტონი მილიარდჯერ რომ გავჭრათ, სწორედ ამ სიდიდის ნაწილს მივიღებთ.

მაშ, რა არის სამყაროს პირველსაწყისი?

"მთელი ჩვენი ხილული სამყარო აი ამ ერთი წერტილიდან მოვდივართ. სულ ყველა იმ ერთი წერტილის შვილები ვართ", — ამბობს დვალი ინტერვიუში.

ვიდეოინტერვიუს სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ასევე, იხილეთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.