როცა საქმე საჯარო სივრცეში ძუძუთი კვებას ეხება, რატომღაც ვიღაცები აღშფოთებას გამოხატავენ ხოლმე, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არასდროს მოუწევთ, რომ ბავშვები იმავე გზით გამოკვებონ. არადა ეს ყველასთვის საერთო, გასაგები და ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს, როგორიც მშიერი ჩვილის გამოკვებაა. ეგეც რომ არა, დედებს აქვთ უფლება, შვილებს ნებისმიერ დროსა და ადგილას მიაწოდონ აუცილებელი საკვები და ამაზე სხვების აზრი არც არის მნიშვნელოვანი.

ამის მიუხედავად, ვიღაცები არ ერიდებიან, რომ იმ დედებს, რომლებიც მოშივებულ შვილებს საჯარო სივრცეში ძუძუს აწოვებენ, შენიშვნა მისცენ და მიუთითონ, როგორ უნდა მოიქცნენ. ერთ-ერთი ეგეთი შემთხვევის დროს ამერიკაში კაცმა ქალს, რომელიც საჯარო სივრცეში შვილს ძუძუთი კვებავდა, მოსთხოვა, რომ "დაეფარა".

დედაც ადგა და ეს სურვილი პირდაპირი მნიშვნელობით შეასრულა.

ფოტო: Facebook

ფოტო ქალის ახლობელმა ინტერნეტში გაავრცელა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ქალს გადაწყვეტილება და იუმორი მოუწონეს.

"ძუძუთი კვების დრო და ადგილი იქ და მაშინაა, როგორც კი შენს პატარას მოშივდება", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევა კიდევ ერთ დედასთანაც განმეორდა "დღეს მაკდონალდსში ყოფნისას 2 თვის შვილს ძუძუს ვაჭმევდი. ამ დროს კი ერთი ქალი მოვიდა და მთხოვა, რომ მკერდი დამეფარა, რადგან მისი ქმარი თვალს ვერ მწყვეტდა. ჩემმა 11 წლის გოგომ, რომელსაც არასდროს უნახავს "დაფარებული" როგორ ვაჭმევდი პატარას ძუძუს, ფოტოები გადამიღო", — წერს ფეისბუქზე ნიკოლ ბლექმენი.

ფოტო: Facebook

ასე რომ, თუ შემდეგ ჯერზე კიდევ ვინმე გადაწყვეტს, რომ მსგავსი უტაქტობა გამოიჩინოს და დედის გადაწყვეტილების კონტროლი სცადოს, იმედია, ამაზე ნაკლებ პასუხს არ მიიღებს.